რთული ამოცანების გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდი

ყველა ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის არსებობს რთული და შედარებით ნაკლებად რთული ამოცანები. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, პირადი თუ სამსახურეობრივი, მეგობრებთან, ახლობლებთან კოლეგებთან ურთიერთობაში, სავსეა მათით. ერთი ადამიანისათვის რთული ამოცანა შესაძლოა მეორესთვის მარტივი იყოს და პირიქით. მაგრამ ყველასთვის არსებობს ისეთი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც ერთი შეტევით, მარტივად ვერ ხერხდება, რომელსაც დაჯდომა და დაფიქრება სჭირდება, გზების გააზრება, სტრატეგიების არჩევა და უფრო დეტალური დაგეგმვა, ვიდრე ეს მარტივი ამოცანების შემთხვევაში არის საჭირო. ასეთი ამოცანების გადაწყვეტის გზების მოფიქრებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამე ერთი მეთოდი მაინც, როგორ შეიძლება მათი დამუშავება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდის შესახებ, რომელსაც ჩვენ აგერ უკვე 10 წელზე მეტია ვიყენებთ და რომელიც ნამდვილად ვიცით, რომ მუშაობს.

ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაწყვეტისათვის სამი ეტაპის გავლაა საჭირო:

ა) სწორი სტრატეგიის დანახვა

ბ) ეფექტური იდეების მოფიქრება

გ) დეტალური გეგმის დამუშავება

ის, თუ როგორ ვახერხებთ თითოეული ამ ნაწილის დამუშავებას, განსაზღვრავს საბოლოო ჯამში შემუშავებული გზის ეფექტიანობას. ვეცდებით, უფრო დეტალურად მოგიყვეთ თითოეული მათგანის შესახებ.

ა. სწორი სტრატეგიის დანახვა. სტრატეგია შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არსებობს ერთი ყველაზე სწორი სტრატეგია, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. რამდენად სწორად გააკეთებ აქცენტებს, რამდენად სწორად გაანაწილებ რესურსებს, რამდენად ადეკვატური იქნება შენი ძალისხმევა ხშირ შემთხვევაში სწორედ სტრატეგიის შერჩევაზეა დამოკიდებული.

1. სტრატეგიის ძიება მიზნის განსაზღვრიდან, ამოცანის დეტალური გააზრებიდან იწყება. სწორედ მიზნის მკაფიო, ცხადი ფორმულირება არის მთავარი სასტარტო წერტილი ამ პროცესში. მისი მეშვეობით ყველაზე რთული ამოცანებიც კი თვინიერდებიან და გნებდებიან. მნიშვნელოვანია მიზანი დაიწეროს, ვინაიდან თავში გავლილი თუ შემოვლილი აზრების არც გააზრებაა ადვილი, არც სხვებისთვის ჩვენება და არც საფუძვლიანად განხილვა. დაწერეთ რას გინდათ, რომ მიაღწიოთ, ოღონდ აუცილებლად დაწერეთ. ეს დაგეხმარებათ, უფრო ცხადად დაინახოთ რა გინდათ სინამდვილეში. კარგად დააკვირდით დაწერილის შინარსს, დარწმუნდით, რომ ის ზუსტად ასახავს თქვენს მიზანს და ეცადეთ ფორმულირება უფრო ცხადი და ნათელი გახადოთ. განმარტეთ მასში მოცემული სიტყვების მნიშვნელობა რას გულისხმობთ მათში, დააკვირდით აზრის თანმიმდევრობას. დარწმუნდით, რომ ბევრი არ წერია და რაც წერია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

ეს პროცესი კიდევ უფრო ახლოს მოიტანს ამოცანას თქვენთან, კიდევ უფრო ნათელს და, შესაბამისად, დაძლევადს გახდის მას. ამოცანის არსის კარგი გააზრება და მიზნის მკაფიოდ ჩამოყალიბება მისი გადაწყვეტის გზის თითქმის მესამედია. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად სათანადოდ არ აფასებენ ამ ეტაპის მნიშვნელობას და, როგორც წესი, პირდაპირ გზების დამუშავებაზე გადადიან, რაც ამ მათი მოფიქრების შანსებს ერთი ორად ამცირებს. მუშაობის ვადებსაც ზრდის და ამ მუშაობის პროცესში უაზრო კამათის და უნაყოფო მსჯელობების ალბათობასაც.

2. მეორე ეტაპია ამოცანის დაშლა შედარებით პატარა ამოცანებად. ეს ამოცანების დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპია. ყველა ამოცანა იშლება შედარებით პატარა ამოცანებად. შესაბამისად, თუ თქვენ ხედავთ, რომ ამოცანა რთული და კომპლექსურია, ეცადეთ, დაშალოთ ის ისეთ ქვეამოცანებამდე, რომლებიც გაცილებით ადვილად დაგემორჩილებიან. როგორც ცნობილია, და რასაც პრაქტიკაც მრავალჯერ ადასტურებს, ყველა ამოცანა სრულად იშლება შედარებით უფრო მცირე სამ ისეთ ქვეამოცანად, რომელიც არ ფარავს ერთმანეთს, ერთად კი სრულად ავსებენ საწყის ამოცანას (MECE). (არ გვკითხოთ რატომ სამად, ამაზე პასუხი არავინ არ იცის, თუმცა ის, რომ სწორედ სამად იშლება ყველაზე სრულად ათასობით მაგალითით მტკიცდება, მაშინ, როცა საპირისპირო მაგალითი ჯერ არავის მოუფიქრებია).

ამ სამი ქვეამოცანის სწორად პოვნა ხშირად საკვანძო ეტაპია ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტის პროცესში. ქვეამოცანები კიდევ იშლება სამ-სამ ქვეამოცანად და ასე გრძელდება, ვიდრე დიდი ამოცანები შედარებით იოლად აღქმად და ჩვენთვის მარტივ ამოცანებად არ დანაწილდება. მაგალითად, ერთ-ერთი ყველასათვის ცნობილი და მეტ ნაკლებად აქტუალური ამოცანაა არჩევნებში გამარჯვება. ამ მეთოდით ეს ამოცანა შესაძლოა შემდეგ შედარებით მარტივ ქვეამოცანებად დაიშალოს: 1. საზოგადოების მაქსიმალური ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ თქვენ ყველაზე კარგი არჩევანი ხართ მათთვის; 2. იმის უზრუნველყოფა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წავიდეს არჩევნებზე; 3. დემოკრატიული არჩევნების, ანუ იმის უზრუნველყოფა რომ ყველა ხმა სწორად იქნება გათვალისწინებული საბოლოო შედეგებში. ან თუ ხედავთ რომ ეს გზა შედეგს არ მოგცემთ მაშინ არსებობს ამოცანის დაშლის მეორე მიდგომაც: 1. იმ ადამიანების გამოვლენა რომელთა არჩევანზე ზემოქმედებაც შედარებით ადვილად შეგიძლიათ; 2. უზრუნველყოთ რომ მათ თქვენ სასარგებლოდ მისცენ ხმა. 3. ეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები სხვა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე (თუ ეს საერთოდ არ ჩაშლის რა თქმა უნდა არჩევნებს). სხვა მაგალითად შეიძლება გამოდგეს ასევე: სკოლებში ან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხის გაზრდის ამოცანა, რომელიც მასწავლებლების (ლექტორების) ბაზის გაძლიერებით (შეცვლით, სწავლებით, გადანაწილებით), სწავლების მეთოდების და პროგრამების მუდმივი გაუმჯობესებით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო გარემოს განვითარებით მიიღწევა. ან ეს – იმისათვის, რომ ადამიანმა რაც შეიძლება მეტი კარგი რაღაცის გაკეთება შეძლოს ცხოვრებაში საჭიროა: იპოვოს საქმე რომელიც ყველაზე უკეთ აძლევს თავისი უნარების და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, ყოველდღიურად ეცადოს რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება კარგად აკეთოს და ისწავლოს იმისათვის, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტის და კიდევ უფრო კარგად გაკეთება შეძლოს.

მაგალითი ბევრი შეიძლება მოვიყვანოთ, თუმცა, ვფიქრობთ, მთავარი პრინციპი ისედაც ნათელია – ვიღებთ დიდ ამოცანებს და ვშლით შედარებით პატარა ამოცანებად მანამ, სანამ იმ დონემდე არ დავალთ, სადაც ჩვენი ძალებით მათზე ზემოქმედების შესაძლებლობებს ცხადად დავინახავთ.

3. ქვეამოცანებს შორის პრიორიტეტების და აქცენტების სწორად გადანაწილება სტრატეგიის ფორმირების დასკვნითი, ამასთან, ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. ამ დონეზე დაშვებულმა შეცდომამ ყველაზე მეტად შეიძლება წარუმატებლობა გამოიწვიოს, ვინაიდან სწორედ აქ წყდება, ქვეამოცანების რომელ ნაწილზე ზემოქმედება იძლევა ყველაზე მაქსიმალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, ჩვენი რესურსები შეზღუდულია. ყველაფერზე ერთდროულად და ერთი ხარისხით ზემოქმედება შეუძლებელი, ამიტომ არჩევანის გაკეთება გვიწევს. რომელი ქვეამოცანები გადავჭრათ იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ. თუ მთელ მსოფლიოში მსგავსი ამოცანები ქვეამოცანებად ერთნაირად იშლება თითოეული შემთხვევის უნიკალურობა სწორედ სწორად გაკეთებულ სტრატეგიულ არჩევანში მდგომარეობს. ვინაიდან ყველა ორგანიზაციისა თუ ადამიანისათვის, მისი უნიკალური გარემოდან, სიტუაციიდან გამომდინარე სწორედ სტრატეგიული არჩევანი არის უნიკალური. ამასთან ცნობილია, რომ თუ თქვენ თქვენი დიდი ამოცანა საბოლოო ჯამში 7-8 ან 10 ქვე-ქვე ამოცანად დაშალეთ მათ შორის 2-3 არის ისეთი, რომელზე ზემოქმედებაც შედეგის 80%-ს იძლევა. სწორედ ამ 2-3-ს გამოვლენა და მათზე აქცენტის გაკეთება განსაზღვრავს სტრატეგიის სისწორეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამ არჩევანის სწორად გაკეთებისათვის ხდება აუცილებელი სიტუაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი, შეფასება, ინფორმაციის მოგროვება, ადამიანებთან საუბარი, მონაცემების მოძიება. მოკლედ, იმისათვის, რომ არ დავიფანტოთ მოქმედებებში და აქცენტები სწორად გავაკეთოთ. ხშირად ბევრი მუშაობა არის საჭირო ფაქტების ძებნა-ძიების მიმართულებით. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენი ძალისხმევა ნახევარ ზომებად იქცეს, დაიშალოს, დაქუცმაცდეს, ვერცერთი არსებითი ქვეამოცანის გადაწყვეტა ვერ უზრუნველყოს ან ისინი გადაჭრას რომლებიც საბოლოო შედეგისათვის დიდად მნიშვნელოვანი არც არის. მოკლედ, სწორი სტრატეგიის დამუშავება რომელიც მიზნის (ამოცანის არსის) ცხადი ფორმულირებით, დიდი ამოცანის ქვეამოცანებად დაშლით და მათ შორის პრიორიტეტების სწორად განაწილებით მიიღწევა, დიდი ამოცანების გადაწყვეტის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია, თუმცა ხშირად არასაკმარისი, ვინაიდან სწორად განსაზღვრული ქვეამოცანები ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეფექტურად გადაწყვეტას შევძლებთ. ამისათვის ასევე კარგი იდეების მოფიქრებაა საჭირო.

ბ) ეფექტური იდეების მოფიქრება. რთული ამოცანების გადაწყვეტა მათზე მომუშავე ადამიანებისაგან ითხოვს, როგორც სისტემური, სტრუქტურული აზროვნების უნარს (განსაკუთრებით სტრატეგიის ფორმირების ნაწილში), ისე შემოქმედებითი აზროვნებისა (განხორციელების იდეების გენერაციის და დახვეწის ნაწილში) და სკურპულოზური მუშაობის უნარს დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავების ნაწილში. ამ სამი უნარის გარეშე ძნელია კარგი გზების დამუშავება. თუ პირველი და მესამე უფრო შედარებით რუტინულია, მეორე ძალიან სახალისო და სასიამოვნოა. იდეების გენერაცია აუცილებელი პროცესია გამოვლენილი ქვეამოცანების გადაწყვეტისათვის. მაგალითად, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიყვანო არჩევნებზე შეიძლება გამოიყენო მარშუტკები, რომლებსაც რეისებიდან მოხსნი, ფულს გადაუხდი და ამა თუ იმ კორპუსიდან ხალხის მიყვანას დაავალებ საარჩევნო უბანთან. თუ ფიქრობ, რომ ადამიანების უმრავლესობა შენი მომხრეა და ისინი წვიმამ შეიძლება შეაფერხოს არჩევნებზე წასასვლელად, შეიძლება ამის გაკეთება. თუმცა, უკვე განხორციელების ნაწილში უნდა იზრუნო იმაზე, რომ ეს ვინმემ „კარუსელებად“ არ ჩაგითვალოს, თორემ ყველაფერი შეიძლება საპირისპიროდ შემოგიტრიალდეს. ანუ, ეფექტიანი იდეის მოფიქრება, თუ როგორ გადაჭრა ესა თუ ის შედარებით მარტივი ამოცანა მნიშვნელოვნად განსაზრავს არსებული რესურსებიდან გამომდიანარე რამდენად ბევრი ქვეამოცანის გადაწყვეტას შეძლებ და ამასთან რამდენად კარგად.

ამ ეტპაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: იდეების მაქსიმალური სიმრავლე და მრავალფეროვნება, მათ შორის ყველაზე ეფექტურების სწორად შერჩევა და მათი შემდგომი დახვეწა-დეტალიზაცია. ყველაზე რთული კი, როგორც წესი ბევრი და მრავალფეროვანი იდეების მოფიქრებაა, თორემ მათ შორის გამოცნობას რომელი უფრო იმუშავებს და მერე მათ დახვეწას დიდი შემოქმედება აღარ ჭირდება.

იდეების მრავალფეროვნებისთვის ჩვენ ვიყენებთ „ფიქსირებული რაოდენობის პრინციპს“. ანუ წინასწარ განვსაზღვრავთ რა რაოდენობის იდეა გვინდა მოვიფიქროთ ამა თუ იმ ამოცანის გადასაწყვეტად. 15- 25- 50 იდეა დამოკიდებულია იმაზე რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია ქვეამოცანა და რამდენად ორიგინალური და საინტერესო გზის გამოძებნაა საჭირო. და არ ვეშვებით მანამ სანამ წინასწარგანსაზღვრულ რაოდენობას არ მივაღწევთ. როგორც წესი, ამ პროცესში 2 გაჭედვის ეტაპია. პირველი რამოდენიმე იდეის შემდეგ გეჩვენება, რომ ამოწურე და სხვა გზები თითქმის აღარ არსებობს. ასეთ დროს უბრალოდ სიჯიუტეა საჭირო და თუ არ მოეშვები და ფიქრს განაგრძობ, ადვილად დაინახავ, რომ ბევრად უფრო ბევრი გზა და იდეა შეიძლება მოიფიქრო, თუ ამისთვის საკმარისი მოტივაცია გაქვს. როგორც წეს,ი ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ საბოლოოდ მოფიქრებული იდეები რაოდენობრივად ბევრად აღემატება თავდაპირველად დასმულ მიზანს.

გენერაციის შემდეგ ხდება იდეების გადარჩევა. რომლის დროსაც ჯერ ისეთები გაიცხრილება, რომლებსაც არავინ უჭერს მხარს. ხოლო დარჩენილების ურთიერთშედარება ხდება ძირითადად მატრიცული შეფასების პრინციპით (ეს მეთოდი ძალიან გავრცელებულია და მის დეტალურად აღწერას აქ აღარ დავიწყებთ). რაც საბოლოო ჯამში, ყველაზე ეფექტური იდეების განსაზღვრის საშუალებას იძლევა. იდეების გენერაცია შერჩეული იდეების დეტალური დამუშავებით მთავრდება, სადაც თითოუელისათვის ცალ-ცალკე განისაზღვრება რაში მდგომარეობს იდეის არსი, რაზე მოახდენს ის ყველაზე მეტად გავლენას და ა.შ.

3. დეტალური სამოქმედო გეგმის დამუშავება ყველაზე სწორი სტრატეგია და ძალიან კარგი იდეებიც კი ხანდახან უბრალო მაკულატურად შეიძლება იქცეს, თუ მათ ნიუანსების დონეზე დეტალურად დამუშავებული სამოქმედო გეგმა არ ახლავს თან. დეტალურ სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას მნიშვნელოვანია:

  • მოქმედებების სწორი თანმიმდევრობის განსაზღვრა, იმისათვის, რომ პირველ რიგში გაკეთდეს ის რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს.
  • მოსალოდნელი საფრთხეების, რისკების გამოვლენა და პრევენციისათვის საჭირო მოქმედებების გათვალისწინება სამოქმედო გეგმაში.
  • გეგმის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების, პირობების, მხარდაჭერის ასევე სხვა საჭიროებების გამოვლენა და გათვალისწინება.

ამ სამი ჯგუფის დეტალების გარეშე რთული ამოცანების გადაწყვეტა ან საერთოდ ვერ ხერხდება ან ისეთ შედეგებს მოიტანს შეიძლება მათზე მუშაობის დაწყებაც კი სანანებელი გახდეს. სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე განსაკუთრებით სკურპულოზური ხალხი და მუშაობაა საჭირო. თუ იცით თქვენი ამოცანის გადაწყვეტის სწორი სტრატეგია, იდეებიც გაქვთ მოფიქრებული სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად, მაშინ ცოტაც გაიჭირვეთ, არ დაიშუროთ ნერვები და ძალისხმევა და დეტალებიც კარგად გაიაზრეთ. განსაკუთრებით, ყურადღება სჭირდება მოსალოდნელი გართულების ალბათობების გამოვლენას და მათი პრევენციის მოქმედებების დაგეგმვას. ვინაიდან, რაც უფრო რთულია ამოცანა და რაც უფრო მნიშვნელოვანია შედეგი, მით უფრო ბევრი სირთულე წარმოიქმნება მისი განხორციელების პროცესში. ამის ყველაზე კარგი მაგალითი სწორედ შეიძლება ის მარშუტკები იყოს, რომელიც შესაძლოა სწორ იდეას ახორციელებდნენ, მაგრამ იმის გამო რომ მოსახლეობა არ იყო წინასწარ ინფორმირებული მათ შესახებ და იმის გამოც, რომ მათ ამომცნობი ნიშნები არ ქონდათ პირიქით უარყოფითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე და ზედმეტი, არსაჭირო მითქმა-მოთქმა და ხმაური გამოიწვია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი შეცდომა შეიძლება მაშინაც კი დაუშვათ, თუ სტრატეგიაცა და იდეებიც იდეალურია.

სწორი სტრატეგია,  იდეები, დეტალური გეგმა ის სამი ნაწილია რომელიც ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა. ეს შეიძლება ერთ-ერთი გზაა, მაგრამ მისი ცოდნაც კი საკმარისია იმისათვის, რომ უფრო გაბედულად შეეჭიდო ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი, არ შეგეშინდეს და არ დაგეზაროს მათზე მუშაობა. მუშაობა და ძალისხმევა, სიჯიუტე და მონდომება კი ყოველთვის სათანადოდ ფასდება, გზებიც აუცილებლად გამოჩნდება და სასურველი შედეგიც დიდი ალბათობით დადგება. ბოდიშს გიხდით ცოტა დიდი სტატია გამოვიდა და მადლობა ყველას ვისაც ნერვები და მოთმინება ეყო მის ბოლომდე წასაკითხად. წარმატებებს გისურვებთ რთული ამოცანების გადაწყვეტაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s