10 ძირითადი განსხვავება ქალ და მამაკაც მენეჯერს შორის

ბლოგის ავტორი  დასაქმების საიტი. ვაკანსიები, ტრენინგები, რეზიუმეები

ქალის ცხოვრების ოცდაოთხი საათი: ,,ვიღვიძებ, ცხადია ყველაზე ადრე: ტანისამოსი უნდა გავუმზადო ქმარს, საუზმე მოვამზადო, ბავშვები გავაღვიძო, სკოლისთვის მოვამზადო, მოვაწესრიგო, ამასობაში ჩემი ქმარი იღვიძებს, უხასიათოდაა დღეს რატომღაც… ცხრის ნახევარია უკვე! ვაიმე, მაგვიანდება, დღეს შეხვედრა მაქვს, კარგად უნდა გამოვიყურებოდე… ბავშვები – სკოლაში, მე -სამუშაოზე. ოფისში გაღიმებული შევდივარ, მაგრამ ყველა მონიტორს მისჩერებია, რთული დღეა, როგორც ჩანს… შეხვედრამ კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ. რომელი საათია? ბავშვები სკოლიდან უნდა გამოვიყვანო, ნახევარი საათით ვტოვებ ოფისს და გავრბივარ… რომელიმე თანამშრომლის აგრესიის ამოფრქვევას თუ გადავურჩით დღეს, კარგია! საღამოს შვიდ საათზე დაქანცული ვბრუნდები და ვფიქრობ: ახლა ქმარი ტელევიზორთან ზის ალბათ, ბავშვები თუ მოიყვანა ნეტა დედაჩემისგან… მშივრები იქნებიან, უნდა მოვამზადო რამე… თავბრუ დამეხვა’’.

ყოველთვის, როცა ქალის შესაძლებლობებში შეაქვთ ეჭვი და ამბობენ, რომ მამაკაცები ,,სხვანაირად აზროვნებენ და უფრო ძლიერნი’’ არიან, კარგა ხნის წინ ამოკითხული სიტყვები მახსენდება: ,,ჯინჯერ როჯერსი ისევე ცეკვავდა, როგორც ფრედ ასტერი! და თანაც ცეკვავდა მაღალ ქუსლებზე და უკუსვლით!’’

და მაინც, მამაკაცები უფრო ხშირად მოიაზრებიან მაღალ პოზიციებზე, წარმატების მეტი შანსი აქვთ, მათ შესაძლებლობებში იშვიათად თუ შეაქვთ ეჭვი… დღეს, როცა უკვე დაინგრა შეხედულება, რომ ქალის შესაძლებლობები ჩამორჩება მამაკაცისას, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქალების ნაკლებად წარმატებულობის მიზეზი, სოციალიზაციაში უნდა ვეძებოთ: გოგონებსა და ბიჭებს ბავშვობიდანვე სხვადასხვანარად ზრდიან, გოგონები თოჯინებით თამაშობენ, ბიჭები – მანქანებით და თოფებით, გოგოებს სახლობანა უყვართ, ბიჭებს – ომობანა… და მტრისას, თუ გოგო თოფებით დაინტერესდა. მახსოვს, როგორ დამტუქსეს, ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კარატეზე მისულმა ბიჭი რომ ვატირე და მითხრეს, რომ მე ქალი უნდა ვიყო და არა ქალაბიჭა. ის დღე იყო და ის, კარატეზე აღარ მივუყვანივარ… ანუ ის რაც ბიჭებისგან სავსებით ნორმალურად აღიქმება – აგრესია, ჩხუბი, კინკლაობა, ცუდი სიტყვა, გოგოსგან წარმოუდგენელია.

ამასობაში ვიზრდებით… გოგოები უკეთესად ვსწავლობთ  სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, მაღალ ნიშნებს ვიღებთ, მერვე  კლასში ისე ვვითარდებით უკვე, რომ თანატოლი ბიჭები  ჩამოუყალიბებელ თინეიჯერებად რჩებიან, რომლებიც  იმის დასამტკიცებლად, რომ დიდები არიან იწყებენ სიგარეტის  მოწევას, ,,ბირჟაობას’’ და ასე შემდეგ. მამაკაცები თავიდანვე  ემზადებიან თავდაცვისა და ბრძოლისთვის, მაშინ, რომცა  ქალები მხოლოდ მოგვიანებით აწყდებიან ასეთ სირთულეებს.  პარადოქსულად მოგვეჩვენება, მაგრამ კველვები ცხადჰყოფს, რომ  მთელს მსოფლიოში ბიჭებს უფრო მეტად ეხმარება  ოჯახი  კარიერულ წინსვლასა და სწავლაში, ვიდრე – გოგონებს.

ასე  ჩამოყალიბდა უამრავი სტერეოტიპი, რომელთა შორისაცაა შეხედულება, რომ მენეჯერისა და ლიდერის პოზიციას ნაკლებად შეეფერება ქალი, და მამაკაცი მეტად მოიაზრება წარმატებულ მენეჯერად. მეცნიერები არ გამორიცხავენ მამაკაცური (როგორებიცაა, სიმტკიცე, თავდაჯერებულობა, დავალებაზე ორიენტირებულობა, ინიციატიურობა) და ქალური უნარების (ადამიანებზე ზრუნვა, გრძნობები და ურთიერთობები) არსებობას. თუმცა მენეჯერი თანაბრად უნდა ფლოდეს ორივე სახის უნარებს. ერთნაირი შესაძლებლობების მქონე ქალსა და მამაკაცს შორის, მენეჯერად მამაკაცს აირჩევენ აუცილებლად.

ქალ-მენეჯერს ორ წინააღმდეგობასთან უწევს ბრძოლა სამუშაოზე: ბავშვობის დროინდელ სოციალიზაციასა (რომელმაც შთააგონა, ქალს არ უნდა ჰქონდეს წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი მამაკაცური უნარები) და მამაკაცი-მენეჯერის ჩამოყალიბებულ სტერეოტიპთან.  საინტერესოა, რომ მამაკაცები გაცილებით ადვილად უმკლავდებიან სტრესს, ვიდრე ქალები. თუ გავითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნულს, ნათელი გახდება, თუ რატომ აღიქვამენ ქალები სტრესს ბევრად უფრო მტკივნეულად, ვიდრე მამაკაცები. მენეჯერ ქალს უწევს ბრძოლა სტერეოტიპებთან, საკუთარ თავთან, აღზრდასთან, მსოფლმხედველობასთან, ამ ფონზე მიმდინარეობს მისი ჩამოყალიბება, ურთიერთობა ძირითადად უხდება მამაკაცებთან, რომლებთანაც გამუდმებით უწევს რაღაცის ,,მტკიცება’’ და თან ფიქრობს ,,ოჯახზეც’’, რომლიც ყოველთვის უმნიშვნელოვანესია ქალისთვის. ძალიან ხშირად ქალი უარს ამბობს კარიერაზე ოჯახისა და შვილების გამო. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ მენეჯერ მამაკაცებს საშუალოდ 3.6 შვილი ჰყავთ, ხოლო მენეჯერ ქალებს – 2.3.

რამდენად განსხვავდება ქალ და მამაკაც მენეჯერთა სტილი? კვლევებმა ცხადჰყო, რომ მამაკაცთა და ქალთა მმართველობის სტილი სამ ტიპის მიხედვით განსხვავდება: 1. დავალების შესრულების სტილი, რომელიც ასახავს თუ როგორ იწყებს, წარმართავს და განსაზღვრავს მენეჯერი სამუშაოსა და პროცესებს; 2. პიროვნებათშორისი სტილი გვიჩვენებს, თუ რამდენად ეყრდნობა ხელმძღვანელი მორალს, ურთიერთობებს, კმაყოფილებას და ვალდებულებებს ორგანიზაციაში; 3. გადაწყვეტილების მიღების სტილი, განსაზღვრავს, მმართველი მონაწილეობრივ, დემოკრატიულ მიდგომას ირჩევს, თუ ავტოკრატიულს.

დავალების შესრულების სტილის თვასაზრისით მამაკაცები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი დავალებაზე, ქალები-ურთეირთობაზე. განსხვავება ქალ და მამაკაც ხელმძღვანელებს შორის მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში ჩანს, ანუ როცა ეკითხებიან ადამიანებს, თუ როგორ მოიქცეოდნენ, მენეჯერები რომ ყოფილიყვნენ. თუმცა, რეალურად ქალი მენეჯერები არაფრით განსხვავდებიან ამ მხრივ მამაკაცებისგან. გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, ქალი უფრო დემოკრატიულ, მონაწილეობრივ მიდგომას მიმართავს, მამაკაცები მეტად ავტოკრატიულნი და მბრძანებლურნი არიან. ამ მხრივ, ქალის სტილი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მამაკაცისა, რომელიც მთლიანად ძალაუფლებასა და ბრძანებებს ემყარება. ქალი  ხელმძღვანელი ცდილობს, შეამციროს იერარქია, გაგებით მოეეკიდოს ქვეშევრდომთა მოთხოვნებს და თანამშრომლობის საშუალებით მიიღოს შედეგი.

1990 წლის დასაწყისში მედიცინამაც დაადასტურა, რომ შესაძლოა, ქალი უკეთესი მმართველი იყოს, ვიდრე მამაკაცი:  აღმოაჩნდა, რომ თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების კონექტორი ქალებს უფრო ფართო აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, ესე იგი ქალის ტვინს უკეთ შეუძლია მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების აქტივობათა ინტეგრირება. შესაბამისად, ქალი ახერხებს ყუარდღების გამახვილებას ერთდროულად რამდენიმე თემაზე , მამაკაცი კი – ვერ.

ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, რომ ქალ და მამაკაც მენეჯერებს შორის არანაირი 10 განსხვავება არ არსებობს. Google-ც კი უძლური აღმოჩნდა და ამ დასახელების ერთი სტატიაც ვერ ამომგიდო ერთი მარტივი მიზეზის გამო: არსებობენ მხოლოდ კარგი და ცუდი მენეჯერები და ქალს ორჯერ მეტი ბრძოლა უწევს წარმატების მისაღწევად.

დავასრულებდი ვაჟას სიტყვებით, რომელმაც საუკუნის წინ თქვა: ,,დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი_ისინი ხომ მამაკაცები არიან _ ”კაი ბიჭობად”, “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდგან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალ-ტყავად ქცეული გემუდარება, გეხვეწება: “კაცო, ღმერთი-რჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი ვარ, სული ამოდის. ეს არი ვკვდები, წყალობა მოიღეო!” მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიურის მოსაზრებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ მართალნი ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდის… მრწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში… შენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ…’’

3 thoughts on “10 ძირითადი განსხვავება ქალ და მამაკაც მენეჯერს შორის

  1. ეს სტატია უფრო ქალის აღიარებაზე უფროა მიმართული ვიდრე განსხვავება )))
    მაგრები ხართ, ჰო მაგრები ვა ))

  2. ქალს (საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე) სჭირდება დღეში 48 საათი, კაცზე 12–იც მეტია :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s