უმუშევრობასთან ბრძოლის ხელოვნება

უმუშევართა აზრით, უმუშევრობა ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც შეიძლება ადამიანს დაიმართოს. ერთ დღეს აცნობიერებ, რომ სამუშაო აღარ გაქვს და ხვალიდან შენი დღეები სხვაგვარად წარიმართება.

  სამუშაო იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ვიმეორებთ სიტყვებს: ,,უმუშევრობას ყველაფერი სჯობს, ყველანაირი სამუშაო’’, – ამ სიტყვებით ვიჯერებთ თავს და ვცხოვრობთ რთულ სამუშაოსთან ერთად: დილით ვიღვიძებთ, უფრო სწორედ, მაღვიძარა გვაღვიძებს, ვემზადებით, რამდენიმე წამით გვიტაცებს ლურჯი ცა, მერე გადაჭედილი ტრანსპორტით მგზავრობა, ღიმილით შევდივართ ოფისში და კარის  გაღებასთან ერთად ვხვდებით, რომ დავიღლებით და ამიტომ კიდევ უფრო გვჭირდება ღიმილი, საღამომდე აუცილებლად მოგვიშლიან ნერვებს, არც ჩვენ ვართ მაინცდამაინც ანგელოზები, საღამოს სახლში ვბრუნდებით… არაფრის თავი აღარ გვაქვს.

 ვიყოთ რეალისტები, კარგი სამუშაო არ არსებობს, სამუშაოს თან სდევს მოწყენილობა და დაღლილობა. მაგრამ სამუშაო ჩვენი თვითგამოვლენის საშუალებაა და როგორც ფსიქოლოგიის დოქტორი, ლინ ჰაგანი იტყოდა ,,ადამიანებს გვახასიათებს საკუთარი თავის გაიგივება სამუშაოსთან. ეს ჩვენი ცხოვრების იმდენად განუყრელი ნაწილია, რომ  მისი დაკარგვის შემთხვევაში, თავს ცუდად ვგრძნობთ’’… 

 უმუშევრობა იმაზე გაცილებით რთული ყოფილა, ვიდრე ველოდი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას თუ დავესესხები, ადამიანი უმუშევარია, თუ ის ოთხკვირიანი აქტიური ძებნის მიუხედავად სამუშაოს ვერ პოულობს. უმუშევრობის დონეს ციკლურობა ახასიათებს და მჭიდრო კავშირშია ზოგად ეკონომიკურ ციკლთან. თუმცა სხვა ფაქტორებიც ახდენს მასზე გავლენას, როგორებიცაა, მაგალითად, შრომითი ბაზრის კურსი და დემოგრაფიული განვითარება.

ერთი ადამიანის უმუშევრობა სასაცილოდ მოგვეჩვენება, თუ ევროსტატის მონაცემებს გადავხედავთ, რომლის ცნობითაც, ევრო კავშირში უმუშევართა რიცხვი 22.547 მლნ.-ია.

გასაკვირია, მაგრამ, ზოგადად, ახალგაზრდათა უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე მთელი მოსახლეობის უმუშევრობის დონე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ 15-დან 24 წლამდე ასაკის უმუშევართა ჯგუფი  დიდია. ბევრი ახალგაზრდა სწავლის გამო ვერ ახერხებს მუშაობს და არც ეძებს სამსახურს. შესაბამისად, ისინი არ შეადგენენ სამუშაო ძალას, რის მიხედვითც გამოითვლება უმუშევრობის დონე. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდათა უმუშევრობის მაღლი დონე გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდებს მართლაც უჭირთ სამუშაოს პოვნა.

ისტორიულად ქალთა უმუშევრობის დონე ყოველთვის მაღლი იყო, მაგრამ 2009 წელს მამაკაცთა უმუშევრობის დონემ გაუსწრო.

საქართველოში უმუშევრობა მწვავე პრობლემად რჩება 1991 წლიდან, როდესაც  ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელი 2006 წელს 13,6% იყო. ამ მონაცემით საქართველო პირველ ადგილზეა ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენელ ქვეყნებს შორის. ეს მაჩვენებელი,ზუსტად  ვერ ასახავს არსებულ ვითარებას. 2007 წელს 416,900 სოფლის მაცხოვრებელი აღირიცხებოდა, როგორც თვითდასაქმებული გლეხი სოფლის მეურნეობაში. ამის გამო უმუშევრობის მაჩვენებელი სოფლებში შედარებით მცირეა (4,8% 2006 წ.). ქალაქებში უმუშევრობის დონე 26 %-ა, ხოლო თბილისში ეს მაჩვენებელი 40 %-საც კი აღწევს.

უმუშევრობის ცალკეული და სოციალური შედეგებია: ფინანსური გაჭირვება და სიღარიბე, ვალი, უსახლკარობა და სტრესი, ოჯახური დაძაბულობა და ოჯახის დანგრევა, დეპრესია, გაუცხოება, სირცხვილი და სტიგმა, დანაშაული, თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის პატივისცემის დაკარგვა, სამუშაო უნარების დაქვეითება და ჯანმრთელობის გაუარესება. უმუშევრობის ხანგრძლივობასთან ერთდ ეს შედეგები მწვავდება.

ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, დეპრესია, უიმედობა, სასოწარკვეთა, სამუშაო გარემოს, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნების მონატრება, დამცირება…

ვებრძვი უმუშევრობას იმ მარტივი ლოგიკით, რომ ყველაფერს შეიძლება ვებრძოლოთ, მათ შორის უმუშევრობასაც, მითუმეტეს, თუ ეს ბრძოლა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე სახლში უსაქმოდ წოლა და კომპიუტერთან თვალების ამოღამება.
უმუშევრობასთან ბრძოლის ხელოვნება მარტივია. არ მჭირდება საომარი არსენალი და საბრძოლო ილეთები. საჭიროა მხოლოდ ნებისყოფა. სირთულის წინაშე ადამიანი გამოსავლის ძებნას იწყებს და მის ხელთ არსებულ რესურსებს მიმართავს. ჩვენ კი ძალიან ბევრი რესურსი გვაქვს. გვახსოვდეს:

1. მეგობრები.  ნუ განმარტოვდები. მეგობრები ყოველთვის დაგეხმარებიან, მაგრამ ამის საშუალება უნდა მისცე. რაც შეიძლება მეტ ხანს იყავი ხალხში, ახლა უამრავი დრო გაქვს. გაიხსენე რის გაკეთება გსურდა ადრე, რას ვერ ასწრებდი, იქნებ ხატვა გიყვარს, ან კითხვა. ეცადე საკუთარი თავი იპოვო ყველგან, ყურადღება გადაიტანო და კონსტრუქციულად იაზროვნო.

2. აქტიურობა. ინტენსიურად ეძებე სამუშაო. მიყევი ყოველდღიურ ცხოვრებას: ადექი, ისაუზმე, ჩაიცვი. თუ საშუალება გაქვს,  მოკლევადიანი სასწავლო კურსები გაიარე, რომელთა დახმარებით, სამუშაო უნარები არ დაგავიწყდება.

3. რესურსების მართვა. გონივრულად გადაანაწილე შენი ფინანსები, დაუდევრად ნუ დახარჯავ ფულს. უფულობით გამოწვეულ დეპრესიას ხომ მაინც შეიმცირებ ასე!  და რაც მთავარია, დაგეგმე და მართე დრო.

4. თავის მოვლა. შეინარჩუნე ჯანსაღი ცხოვრების წესი, იკვებე სწორად, განსაზღვრე ძილის საათები. მოერიდე ალკოჰოლსა და კოფეინს, რომელიც დეპრესიასა და ნერვული სისტემის აღგზნებას უწყობს ხელს. გაერთე და სასიამოვნოდ გაატარე დრო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.

იცოდე, რომ სამუშაო გამოჩნდება და როცა ეს მოხდება, მოწოდების დონეზე უნდა იყო!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s