ფერთა ფსიქოლოგია და ინტერნეტ მარკეტინგი

ფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამყაროში. წარმოუდგენლად დიდია მათი გავლენა ემოციებსა და გრძნობებზე. ფერმა შეიძლება შეცვალოს ჩვენი განწყობა და ქცევა, გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია და, პირიქით, საერთოდ დაგვაკარგინოს მოქმედების სურვილი.  ისინი მოქმედებენ ადამიანის კონცენტრირებისა და სწავლის უნარზე და აქვთ ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური შედეგები.

ბევრი არასწორად მიიჩნევს, რომ ფერი მხოლოდ შეფერილობას ცვლის, სინამდვილეში კი ის ძლიერ სიგნალს წარმოადგენს. 1981 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წნევისა და აგრესიის დარეგულირება შეიძლება ოთახში განათების შეცვლით.

ინტერნეტში, სადაც მომხმარებელთან არ გვაქვს უშუალო ურთიერთობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფერებს. უდავოა, რომ საიტის ვიზიტორებზე გადამწყვეტი ფსიქოლოგიური გავლენა აქვთ სიტყვებსა და ვებ გვერდის შიგთავსს, რომლებიც კომუნიკაციისა და მომსახურებისა თუ პროდუქციის გაყიდვის უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს. მაგრამ თქვენი ვებ გვერდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ასპექტია ფერები, რასაც ხშირად არასათანადოდ აფასებენ ვებ დიზაინერები. საიტზე შემოსული  მომხმარებელი პირველად ამჩნევს არა სიტყვებს, პროდუქტს ან კონტექტს, არამედ, ფერს. არასწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება ისე გააღიზიანოს მომხმარებელი, რომ აღარასოდეს შემოიხედოს თქვენს ვებ გვერდზე, არასასიამოვნო შთაბეჭდილება კი სამუდამოდ დარჩება. ამის საპირისპიროდ, სწორად შერჩეული, სასიამოვნო ფერის გამოყენებით შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება მიაღებინოთ კლიენტს.

შესაბამისად, ბაზრის მკვლევარნი, ბრენდ მენეჯერები და პროდუქტის დიზაინერები წლების მანძილზე იყენებენ ამ ინფორმაციას. მიმოიხედეთ და  მარკეტინგული სტრატეგიის ნიშნებს ადვილად შეამჩნევთ – ფერები არამარტო წარმოაჩენს საგნებს, არამედ ჩვენს ქცევაზეც ახდენს გავლენას. მაგალითად, იცოდით, რომ  ყვითელი დეტალებით ან ყვავილებით მორთული სახლები უფრო სწრაფად იყიდება? დაფიქრებულხართ, რატომ იყენებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფორთოხლისფერს, ან რატომ აცვიათ პოლიციელების ცისფერი და ლურჯი ფორმა? შეგიმჩნევიათ, რომ სწრაფი კვების ობიექტებში ძირითადად წითელი და ფორთოხლისფერი ჭარბობს?  გგონიათ, ეს უბრალო დამთხვევა და გემოვნების საკითხია? მაშინ ძალიან შემცდარხართ.

ჩავატაროთ მარტივი ექსპერიმენტი: დაასახელეთ ცნობილი ბრენდები და პირველად მათი საფირმო ფერები გაგახსენდებათ. სიტყვა Coca-cola-ს წარმოთქმისას  წითელი ფერი ჩნდება ჩვენს გონებაში, facebook-ი ლურჯთან ასოცირდება, სადაც ყველაფერი ცისფრად არის გადაწყვეტილი, Google-ის ფერადი ლოგოს დავიწყებაც შეუძლებელია და ა.შ. გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია ფერთა ფსიქოლოოგიის გათვალისწინება, განსაკუთრებით კი, ინტერნეტ მარკეტინგში.
საფირმო სტილის დამუშავებისას ფერების შერჩევა შემდეგი სქემების მიხედვით შეიძლება:

მონოქრომატული ფერთა სქემა – ერთი ფერის სხვადასხვა ტონის გამოყენება. ამგვარად ვებ გვერდი  ნათელი და საინტერესო ხდება, ამშვიდებს თვალს და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით, ცისფერი და მწვანე ტონების შემთხვევაში.
დამატებით ფერთა სქემა – კონტრასტული, ერთმანეთის საპირისპირო ფერების გამოყენება (მაგ. ვარდისფერი და მწვანე). ამ დროს ხდება ცივი და თბილი ფერების შეხამება, რაც პროდუქტს სასიამოვნო ტონს შესძენს.
სამმაგი ფერთა სქემა – ფერების წრეზე ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული სამი ფერის გამოყენება. ეს სქემა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლოს ვებ დიზაინერთა შორის და ჰარმონიული ფერთა გამის შექმნის საშუალებას იძლევა (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://colorschemedesigner.com/)

ფერებს სიმბოლური დატვითვა აქვს. მათი მნიშვნელობა განსხვავდება ქვეყნებისა და კულტურების მიხედვით. მაგალითად, თეთრი სამგლოვიარო ფერია ჩინეთში, ხოლო ბრაზილიაში სიკვდილს მეწამული უკავშირდება. ყვითელი წმინდა ფერია ჩინეთში, საბერძნეთში მწუხარებას გამოხატავს, ხოლო საფრანგეთში – ეჭვს. ტროპიკულ ქვეყნებში თბილი ფერები ასოცირდება დადბით ემოციებთან, ჩრდილოეთში ცივი ფერები სარგებლობს მეტი პოპულარობით. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოში მუქ ფერებს ვანიჭებთ უპირატესობას.

მიუხედავად განსხვავებული სიმბოლური დატვითვისა, ფერებს საერთო  მნიშვნელობა აქვთ დასავლეთ ნახევარსფეროში და ჩვენც ძირითადი ფერების ფსიქოლოგიურ მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ:

შავი – ძალაუფლება, ელეგანტურობა და დახვეწილობა, სიკვდილი (დას. ნახევარფეროში), ბოროტება, აგრესია და მწუხარება.

შავი ძალაუფლებასა და ავტორიტეტს, სტაბილურობასა და სიმტკიცეს გამოხატავს. ხშირად ასოცირდება ცოდნასთან (შავი მანტიები). შავი ტანისამოსი გამხდარს აჩენს ადამიანს, არის სტილური და  არასდროს გადადის მოდიდან. გამოხატავს მორჩილებასაც, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ახსნა იმისა, თუ რატომ აცვიათ შავები სასულიერო პირებს – ამით უფლისადმი მორჩილებას გამოხატავენ. შავი სექსუალური ფერიცაა. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ შავებში ჩაცმული ქალი მამაკაცისადმი მორჩილების ფარულ სიგნალებს გზავნის, რაც განსაკუთრებულად მოქმედებს ძალაუფლების მოყვარე ძლიერ სქესზე. შავი პირქუში ფერია და ბოროტებასთან ასოცირდება. ამის მაგალითია ძველი ზღაპრებიც, სადაც შავებში ჩაცმული რაინდი ყოველთვის ბოროტი და ,,ცუდი’’ იყო. შავი ძლიერ ემოციებს იწვევს და გავლენას ახდენს ადამიანებზე. ეს არის გოთების საყვარელი და, ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერი.

გამოყენება – კარგი იქნება თუ ვებ გვერდებში შავს მხოლოდ დეტალებში გამოვიყენებთ.

თეთრი – მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის ასოცირდება უმანკოებასთან (აქედან, თეთრი საქორწინო კაბა), სისუფთავესა და სტერილობასთნ (ექიმებსა და ექთნებს თეთრი აცვიათ) და უსაფრთხოებასთან. ასახავს ფერის არარსებობას და ნეიტრალურობას, დანებებას (თეთრი დროშა). ზოგ ქვეყანაში სამგლოვიარო ფერია. უკავშირდება შემოქმედებითობას, სიახლეს, ახალ ეტაპს ცხოვრებაში. თეთრი შედის ყველა ფერის შემადგენლობაში. უპირისპირდება შავს და არის სიკეთის, ახალგაზრდობის, უმანკოების, სისპეტაკის, უბრალოების, სიმშვიდის სიმბოლო.

რეკომენდებულია თეთრის გამოყენება ვებ გვერდის ფონად, რადგან ტექსტი  უკეთ ჩანს თეთრ ფონზე.

ნაცრისფერი შავისა და თეთრის ნარევია და კონსერვატიულობის, სიმშვიდის, ნდობის სიმბოლოა, თუმცა ამავდროულად სევდასა და მოწყენილობასთანაც ასოცირდება. უკავშირდება პრაქტიკულ, მუდმივ, მტკიცე ცხოვრებისეულ მოვლენებს. ნაცრისფერის სიჭარბეს თითქმის არარაობამდე, ფერის არარსებობამდე მივყავართ, თუმცა ნაცრისფერი დეტალებითა და შტრიხებით მტკიცე იერს შესძენთ ვებ გვერდს.

წითელი ემოიცურად ყველაზე ინტენსიური ფერია. თუ ყურადღების მიპყრობა გსურთ, წითელი გამოიყენეთ. სწორედ ამ ფერს ამჩნევს თვალი ყველაზე სწრაფად. ასოცირდება ენრგიასთან, მოძრაობასა და მღელვარებასთან. ცუდი ფერია ოთახების, განსაკუთრებით, საბავშვო ოთახების მოსართავად და, ამავდროულად, საუკეთესო ვარიანტია ადამიანის აღგზნებისათვის. სწორედ ამიტომ პორნო საიტები უხვად იყენებენ წითელსა და შავ ფერებს. საინტერესოა, რომ წითელი ავტომანქანის პატრონებს ყველაზე ხშირად აჯარიმებენ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისთვის. ამ ფერის დიდი რაოდენობით გამოყენება არასასურველია, თუმცა წითელი დეტალებისა და შტრიხების  გამოყენებით გაიზრდება მიზიდულობა. ამიტომაც იყენებენ კომპანიები რებრენდინგის დროს ამ ფერს, ეს ფერი სიცოცხლესა და ენერგიას უბრუნებს პროდუქტს-წითელი ხომ სიცოცხლის სიმბოლოა! ჩინეთში პატარძლებს წითელი კაბები აცვიათ. ვინაიდან წითელი ინტენსიური და რადიკალური ფერია, არ არის ამ ფერის ტანისამოსის თუ დეტალების გამოყენება მოლაპარაკებებზე, კონფერენციებზე. კაზინოებსა და ბარებში წითელი ფერი ჭარბობს, რადგან ადამიანს დროის შეგრძნებას აკარგვინებს.  წითელი ასოცირდება სიყვარულთან, ვნებასთან, საფრთხესთან, მღელვარებასთან,  მოქმედებასა და თავგადასავალთან.

წითლის ჭარბი რაოდენობით გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. ძირითადად ადამიანთა მოტივირების, გაფრთხილებისა თუ შეჩერების მიზნით გამოიყენება ეს ფერი. ამასთან, წითლის გადაჭარბებით გამოყენებამ, შეიძლება, გააღიზიანოს მომხმარებელი.

ვარდისფერი სიყვარულისა და რომანტიზმის ფერია. მას ყველაზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს – კვლევებმა ცხადჰყო, რომ ვარდისფერი ადამიანს ენერგიას აცლის და ამცირებს აგრესიას. ხშირად სახიფათო დამნაშავეებს  ვარდისფერ საკანში სვამენ დასამშვიდებლად, სპოტსმენები კი მოწინააღმდეგე გუნდს ვარდისფრ გამოსაცვლელ ოთახში  უშვებენ, რადგან ვარდისფერი ენერგიას დააკარგვინებს მეტოქეებს. გამოიყენეთ ვარდისფერი, თუ თქვენი პორდუქტი ან ვებ გვერდი რომანტიკასთან, სიყვარულთნ და ნაზ გრძნობებთან ასოცირდება. ეს ფერი გამოდგება საბავშვო ვებ გვერდებისთვისაც.

ლურჯი – წარმატების, სიმშვიდის, სერიოზულობის, ძალაუფლებისა და     პროფესიონალიზმის სიმბოლოა. ყველაზე პოპულარული ფერია. ახდენს წითლის საპირისპირო ეფექტს. მისი დანახვისას ორგანიზმში გამოიყოფა ნივთიერებები, რის შედეგადაც ადამიანი მშვიდდება. სწორედ ამიტომ, პოლიციელებს ძირითადად ცისფერი ფორმა აცვიათ, ხოლო საძინებელ ოთახებს ცისფრად ღებავენ. კონსულტანტები გასაუბრებაზე ლურჯის ჩაცმას გვირჩევენ, ვინაიდან ეს ფერი სანდომიან და პროფესიონალურ იმიჯს ქმნის. საინტერესოა, რომ ლურჯად დაბეჭდილი ტექსტი დიდხანს გვამახსოვრდება, ხოლო ტესტირებისას ცისფრად შეღებილ ოთახებში მსხდარნი უკეთეს ნიშნებს იღებენ.
ცისფერი ვებ გვერდსა და კომპანიას ფორმალურ, პროფესიონალურ იერს შესძენს. ხელს უწყობს ღია კომუნიკაციას.

კვლევამ ცხადჰყო, რომ ცისფერი ყველაზე პოპულარული და გაბატნებული ფერია მსოფლიოს 100 მოწინავე საიტს შორის. მეორე ადგილზეა წითელი.

მწვანეც დამაშვიდებელი ფერია, ამიტომ ღებავენ საავადმყოფოს ოთახებს მწვანედ. ასოცირდება სიახლესთან, ბუნებასა და ეკოლოგიურ სისუფთავესთან, ნაყოფიერებასთან, გამოუცდელობასთან, ზრდასთან, სიმდიდრესთან, ფულთან და ხელგაშლილობასთან.
გამოყენება: ზედგამოჭრილია საიტებისთვის, რომლებიც ბიზნესა და ფინანსებს უკავშირდება.

ყვითელი მზის ფერია და ასოცირდება ბედნიერებასთან, კეთილდღეობასთან, სიკეთესთან. დადგენილია, რომ გარემოში, სადაც ჭარბობს ყვითელი ფერი, ადამიანი ოპტიმისტურად აზროვნებს, რადგან ამ დროს თავის ტვინი დიდი რაოდენობით გამოყოფს სერატონინს. თუმცა ამ ფერის გამოყენებისას სიფრთხილე გვმართებს, რადგან ისეთივე ინტენსიურია, როგორც წითელი. ბავშვები განსაკუთრებით ღიზიანდებიან და ტირიან ყვითელ ოთახში. ხელს უშლის კონცენტრირებას.


გამოყენება: გამოიყენეთ ყვითელი დეტალები, თუ გსურთ ვებ გვერსა თუ პროდუქტს ხალისიანი იერი შესძინოთ. ეს ფერი ხელს უწყობს წარმატებულ ვაჭრობას. გავიხსენოთ თუნდაც ეფექტი, რომელსაც მაკდონალდსი ახდენს.

ფორთოხლისფერი უკავშირდება სითბოს, კომფორტს, შემოქმედებითობას, ახალგაზრდობას. ეს ყველაზე კაშკაშა ფერია დედამიწაზე, ყველაზე მეტად ასოცირდება ენერგიასთან, ბედნიერებასა და ამბიციასთან. სიმშვიდის ნიშან-წყალსაც კი ვერ იპოვით ფორთოხლისფერში. ეს ფერი უკავშირდება სიახლეს, მოასწავებს ახალ ეტაპს და გარიჟრაჟს, ასხივებს ენერგიას, ენთუზიაზმს, ემოციურობას, საფრთხეს, სურვილს. საინტერესოა, რომ წითელი და ფოთოხლისფერი მადას აღვიძებს, დადგენილია რომ ეს ფერები აიძულებს მომხმარებლს სწრაფად შეჭამოს საკვები და განაგრძონ გზა. სწორედ ამიტომ ჭარბობს ეს ფერები სწრაფი კვების ობიექტებში.
გამოიყენეთ ფორთოხლისფერი თუ გსურთ, ძვირი ნივთი უფრო იაფი გამოჩნდეს, ეს ფერი იმდენად ინტენსიურია, რომ მთლიანად დაჩრდილავს ციფრებს. წარმატებით იყენებენ ამ ფერს ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რადგან ფორთოხლისფერი ზრდის აზარტს, ენერგიას და კლიენტი ნაკლები ყოყმანით წყვეტს სესხის აღებას. ამ ფერით ენერგიას შემატებთ ვებ გვერდს, მისცემთ ცოცხალ, ახალგაზრდულ იმიჯს, გაგზავნით იმედისა და რწმენის სიგნალებს.

ყავისფერი სტაბილურობის, ტრადიციულობის, სიღარიბის, სიმშვიდის, ბუნების, დედამიწისა და მშობლიური გარემოს სიმბოლოა. არის მამაკაცთა უმეტესობის საყვარელი ფერი. ზედგამოჭრილია დიზაინის, ავეჯის, ბუნებასთან დაკავშირებული საიტებისთვის.

მეწამული: შემოქმედებითობის, სიმდიდრისა და იდუმალების ფერია. მეწამულ მანტიებს ატარებდნენ მეფეები და დედოფლები, ეს არის ყველაზე მეფური ფერი, რომელიც სიმდიდრეს, აყვავებასა და ფუფუნებას უკავშირდება. არის ახალგაზრდა გოგონების საყვარელი ფერი. მეწამული მდიდრულ, დახვეწილ, იდუმალ ელფერს შესძენს პროუქტს, თუმცა მისი ჭარბი გამოყენებით ხელოვნურობის შთაბეჭდილება იქნება და ამიტომ სიფრთხილე გვმართებს.

როგორ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია?
პირველ რიგში, მიზნობრივ ბაზარზე იფიქრეთ. ვისზეა გათვლილი პროდუქტი, რის თქმა გსურთ მომხმარებლისთვის?
შეარჩიეთ ისეთი ფერი, რომელიც თქვენს სათქმელსა და მიზნობრივ ჯგუფს შეესაბამება, ნუ შეარჩევთ ფერს მხოლოდ იმიტომ, რომ მოგწონთ.
ყოველთვის ერთი და იგივე ფერი და ტონი გამოიყენეთ: ვებ გვერდზე  გამოყენებული ფერები უნდა ემთხვეოდეს წერილების, ფლაერების, ლოგოს, ელ.ფოსტის ფერებს.
გახსოვდეთ, რომ ვებ დიზაინში მხოლოდ 216 ფერის გამოყენება შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს 216 ფერი ერთნაირად გამოჩნდება ყველა კომპიუტერში, ოპერაციულ სისტემასა და ბროუზერში (იხ. http://www.geocities.com/webtvbeth/hexchart.html). გახსოვდეთ, რომ ფერი ვებ გვერდის ოპტიმიზაციის (SEO) მნიშვნელოვანი ნაწილია.

4 thoughts on “ფერთა ფსიქოლოგია და ინტერნეტ მარკეტინგი

    • დავათვალიერე შენი ბლოგი :)) კი, კარგია. გამოსაცვლელი რა არის, არ ვიცი – ცოტა რთული შეკითხვაა. ალბათ არც არაფერი, შენეული ფერები შეურჩიე, შნეული დიზაინი და ეგ არის. შეიძლება კიდევ რამდენჯერმე შეცვალო, მეც დროთა განმავლობაში ვხვდები, რომ რაღაც უნდა დავამატო, ან შევცვალო. შაბათს რაც შეეხება, წარმატებებს გისურვებ : )))

      • შავი ფერის მქონდა აქამდე (სულ შავი იყო მაგრამ იმის ხათრით დავაყენე,რომ ფლეშის ელემენტები ქონდა.დახვეწილი იყო) მერე მივხვდი ნამეტარი მელანქოლიური იყო და გავაღიავე.
        მაგრამ ვიჯეტები მქონდა ბლომად და დამეკარგა.მერე თავიდან დავაყენე.ახლა იმის შიშით,რომ ისევ არ დამეკარგოს აღარც ვცვლი.
        შაბათს მგონი აღარ მივალ.ბიზნეს–ადმინისტრირებას მათემატიკა დაჭირდება და მეოთხე კლასის მათემატიკის მეტი აღარ ვიცი.(არც მიყვარს ბევრი ანგარიში)
        ჯობია ისევ Iphone+ დაველოდო,ფლაერებს დავარიგებ.დღეში ხუთი საათი და 10 ლარი შენია.სულ არაფერს კიდე ეგ ჯობს.თან ტექნიკა ჩემი საქმეა და ხალხსაც გამოვადგები

  1. ძალიან კარგი თემები გაქვს მომწონს კარგად არის დალაგებული, ანუ არ არის ქაოსი და გაუგებრობა, ეს თემა გადავიკითხე და ძალიან მომეწონა ფერების შესახებ ეს კვლევა, ფერების შესახებ ბევრი ვარიანტები მაქვს წაკითხული, ზოგს ვეთანხმები, ზოგს არა, მე პირადად ყველაზე მეტად მაღიზიანებს მკვეთრი სალათისფერ მომწვანო საიტები, რაც არ უნდა საინტერესო იყოს ვერ ვჩერდები ამ ფერის გამო საიტზე,
    ყველაზე მეტად მიყვარს იისფერი, იასამანისფერი, ფუქსია, და ამათი ნებისმიერი შეფერილობა მუქიდან ღია ტონალობამდე ნებისმიერი, ჩემთვის იისფერი ასოცირდება ადამიანის უკეთესობისაკენ გარდასახვასთან, აზროვნების პოზიტიურისაკენ შეცვლასთან..
    ბუნებაში ჭარბობს 1. ცისფერი როგორიც არის ცა (არა ფირუზისფერი)
    2. მშვიდი მწვანე როგორიც არის ფოთლები (არა გამაღიზიანებელი სპექტრი სალათისფერი)
    ასეთია სამყარო და ამ ფერებში გრძნობს ადამიანი თავს კომფორტულად…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s