,,ბედნიერების ძიებაში”

დღეს 2006 წელს გადაღებულ ფილმზე მინდა გესაუბროთ. ეს არის ,,ბედნიერების ძიებაში’’ (The Pursuit of Happyness), რომელშიც მთავარ როლს უილ სმითი და მისი პატარა შვილი ჯეიდენ სმითი ასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი 80-იანი წლების სან ფრანცისკოში ვითარდება და მოგვითხრობს ქრისტოფერ გარდნერის რეალური ცხოვრების შესახებ. ქრისტოფერი მთელ ქონებას ახალი სამედიცინო სკანერების გაყიდვის ბიზნესში აბანდებს. თუმცა კოტრდება და ქრისტოფერს ტოვებს ცოლი.  მარტო დარჩენილი ქრისტოფერი კარგავს სახლს,  საბანკო ანგარიშს, საკრედიტო ბარათს და თავის პატარა ვაჟთან ერთად იბრძვის თავის გადარჩენისა და საარსებო საშუალების მოსაპოვებლად. მთავარი გმირი იძულებულია ქუჩაში გაათიოს ღამე და მუდმივი სამუშაო მოძებნოს. ქრისტოფერი გადაწყვეტს, ბროკერი გახდეს, თუმცა მანამდე ექვსთვიანი ტრენინგი უნდა გაიაროს და დარჩენილი სამედიცინო აპარატები გაყიდოს.

ქრისტოფერი იმ განსაკუთრებული ადამიანების რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ყოველთვის ყველგან პოულობს გამოსავალს და რაც მთავარია, მომავლის რწმენას არ  კარგავს. სწორეს ეს აძლევს ძალას დილიდან საღამომდე იმუშაოს, აიტანოს უმარავი დამცირება, საათობით იდგეს უსახლკაროთა უსასრულო რიგებში ღამის გასათევი ადგილის მისაღებად, იკითხოს ურთულესი სახელმძღვანელოები და უყვარდეს შვილი, პატარა ქრისტოფერი, რომლის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია.

ქრისტოფერის ყველა აზრი  კონცენტრირებულია თავისი შვილის გარშემო. ფილმის დასაწყისში ის ამბობს: ,,მამაჩემს რომ შევხვდი პირველად 28 წლის ვიყავი. გადავწყვიტე, რომ ჩემ შვილებს ეცოდინებოდათ, ვინ არის მათი მამა’’. ქრისტოფერი სწორედ ამ პირობის შესრულებას ცდილობს: შვილმა უნდა იცოდეს ვინ არის და რას წარმოადგენს მისი მამა, სხვაგვარად ვერც მის ნდობას შეძლებს. ქრისტოფერი ნათელი მაგალითია, იმისა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა არსებობდეს მამა-შვილს შორის. შვილებს უნდა ვასწავლოთ არა ბრძანებებით, არამედ მხოლოდ მაგალითით. მათ შორის ასეთი დიალოგი იმართება:
ქრისტოფერი:  არავის მისცე ჭკუის სწავლების უფლება. თუნდაც მე… კარგი?
ბავშვი: კარგი.
ქრისტოფერი: უნდა გაუფრთილდე შენ ოცნებას. ადამიანები, რომლებიც მიზანს ვერ აღწევენ, ცდილობენ შენც დაგარწმუნონ, რომ ვერც შენ შეძლებ მიზნის მიღწევას. თუ რამე გსურს, მიდი და მოიპოვე.

ქრისტოფერი უნიჭიერესი, გენიოსობამდე მისული ადამიანია, წყვეტს ურთულეს ამოცანებსა და თავსატეხებს, მისთვის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. აქვს იუმორის საოცარი  გრძნობა და ადვილად ამყარებს ადამიანებთან ურთიერთობას.

ბევრის აღება შეიძლება გასაუბრების სცენიდან, როცა დაქანცული, ჭუჭყიან ტანისამოსში ჩაცმული ქრისტოფერი უმდიდრესი და წარმატებული ბიზნესმენების წინ ჯდება. ერთი შეხედვით, გმირს შანსი არ აქვს, მაგრამ თავისი გონებამახვილობით და შეუპოვრობით აღწევს მიზანს. ქრისტოფერი ამბობს: ,,შეიძლება რაღაც ვთქვა? მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ თუ რამეს მკითხავთ და პასუხი არ მეცოდინება, პირდაპირ ვიტყვი. მაგრამ დამერწმუნეთ, მე ვიცი, როგორ ვიპოვო პასუხი და ვიპოვი კიდეც’’.

ერთ-ერთი ინტერვიუერი ეკითხება ქრისტოფერს: ,,რას იტყოდით ვინმე რომ შემოსულიყო უპერანგოდ და სამუშაოზე ამეყვანა? რას იტყოდით?”
ქრისტოფერი ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მშვიდად პასუხობს: ,,ვიტყოდი, რომ ამ კაცს მართლა მაგარი შარვალი უნდა სცმოდა”.

,,ბედნიერების ძიებაში’’ არის ფილმი ოპტიმიზმის, მიზანდასახულობისა რწმენის შესახებ, რომ ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, რასაც მიზნად დაისახავს, მხოლოდ მთელი არსებით და გონებით უნდა ისწრაფვოდეს თავისი მიზნისკენ. ბოლოს და ბოლოს,მთავარია არ დანებდე და იბრძოლო ბედნიერებისთვის, თუნდაც ვერასდროს შეძლო მისი მოპოვება. ბრძოლა ხომ წარმატების ნახევარს უდრის, ბედნიერების ნახევარი კი ბედნიერების არქონას ნამდვილად ჯობს – ,,იქნებ ბედნიერება ის არის, რასაც მხოლოდ ვეძებთ და ვერასდროს ვპოულობთ სინამდვილეში. რა მნიშვნელობა აქვს, რა არის ბედნიერება’’.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s