Home > CV, რეზიუმე > როგორ შევადგინოთ CV – სამუშაოს ძიების ოპტიმიზაცია

როგორ შევადგინოთ CV – სამუშაოს ძიების ოპტიმიზაცია

CV (ლათ.curriculum vitae – ,,ცხოვრების გზა’’, იკითხება, როგორც ,,კურიკულუმ ვიტე’’) წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია ადამიანის უნარები, სამუშაო გამოცდილება, განათლება და სხვა საქმიანი ინფორმაცია. ჩვეულებრივ, დამსაქმებლები პირველ რიგში CV-ის ითხოვენ  კანდიდატის ამა თუ იმ პოზიციაზე აყვანამდე.
CV-ის ფორმით ძალიან წააგავს რეზიუმე, თუმცა მათ შორის არსებობს გარკვეული განსხვავება:

•    რეზიუმე უნარების, გამოცდილებისა და განათლების მოკლე, ერთ ან ორ გვერდიანი აღწერაა, ხოლო CV – უფრო ვრცელი (მინიმუმ ორი გვერდი) და დეტალური.
•    CV ასახავს არა მხოლოდ ადამიანის აკადემიურ წარსულსა და განათლებას, არამედ მის გამოცდილებას კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში, გამოცემებს, პრეზენტაციებს, ჯილდოებს, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობას და ა.შ.

საქართველოში რეზიუმე და CV ხშირად ერთმანეთის სინონიმურად გამოიყენება, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ბევრმა არ იცის, რა განსხვავებაა მათ შორის, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ  CV, როგორც ასეთი, ძირითადად აკადემიურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პოზიციებზე განაცხადის გაკეთებისას გამოიყენება, სადაც აუცილებელია პუბლიკაციების, სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილების, კონფერენციებში მონაწილეობისა და   ჯილდოების მითითება.

რა უნდა გვახსოვდეს CV-ის გაგზავნამდე

სამსახურის მაძიებლები ხშირად ჩივიან, რომ ყოველდღიურად რამდენიმე ათეული CV-ის გაგზავნა უწევთ სხვადასხვა კომპანიაში, თუმცა უშედეგოდ. ათი კომპანიიდან შეიძლება დაგიკავშირდნენ, საუკეთესო შემთხვევაში, ერთიდან. გარკვეული პერიოდი მეც ვფიქრობდი, რომ კომპანიები ვაკანსიებს მხოლოდ მოსაჩვენებლად, საკუთარი რეკლამისა და პრესტიჟის ასამაღლებლად აცხადებნენ. მაგრამ დგება დრო, როცა ადამიანმა რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. დასაქმების სფეროში მიღებული მცირე გამოცდილებაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ დავრწმუნებულიყავი:

•    თუ CV არაეფექტურია და დაიწუნეს ერთ კომპანიაში, მას სხვა კომპანიებიც დაიწუნებენ.  ეს წუნდებული ნივთის გაყიდვას ჰგავს. ადამიანების გემოვნება განსხვავდება, მაგრამ მათ შეუძლიათ კარგის და ცუდის გარჩევა.   CV პირველი საბუთია, რომლითაც მყარდება კონტაქტი უცნობ ადამიანებს შორს, მოცემულ შემთხვევაში, დამქირავებელსა და კანდიდატს შორის. თუ რეკლამას არ გაუკეთებ გასაყიდ ნივთს და ცუდად  შეფუთავ, კლიენტი შესაფუთი ქაღალდის ქვეშ ყურებას არ დაიწყებს, რომ საგნის ნამდვილ ფასში დარწმუნდეს. ასევეა CV-იც, ეს არის შენი რეკლამა, რომლითაც შენი უნარები, განათლება, პროფესიული გამოცდილება უნდა გაყიდო. თუ ფიქრობ, რომ საუკეთესო ხარ და პრეტენზიას აცხადებ რომელიმე პოზიციაზე,  მაშინ CV-იც შესაბამისი უნდა გქონდეს. საცოდავი, ნაჩქარევად დაწერილი, ორთოგრაფიული შეცდომებით გადაჭედილი CV-ის დანახვაზე დამსაქმებელი მაშინვე ფიქრობს: ,,ამას ნორმალური CV-იც კი არ აქვს და სხვა რამეს გააკეთებს კარგადო?’’ და დაუფიქრებლად გადადებს CV-ის და დაგივიწყებთ. გამოდის, ჩვენც მიგვიძღვის წვლილი იმაში, რომ დამსაქმებელი არ გვიკავშირდება.

•    უმუშევრობა ძნელია, იმდენად ძნელი, რომ ზოგჯერ ყველა ვაკანსიაზე გზავნი მონაცემებს. ვაკანსიებიც საოცრად ჰგავს ერთმანეთს: ყველგან ითხოვენ ინგლისურს, რუსულს, საოფისე პროგრამებს და ა.შ. შენც გგონია, რომ ყველაფერს შეძლებ და გზავნი CV-ის. ყოფილა შემთხვევა,  გადამიგზავნია CV, დაურეკავთ კომპანიიდან და რომ გამიგია, რა ვაკანსიის თაობაზე მირეკავდნენ, გამკვირვებია – აქ რამ გამაგზავნინა, ასეთი სამუშაოს შესრულებას ხომ ვერ შევძლებ მეთქი და გასაუბრებაზეც არ წავსულვარ. ამიტომ CV-ის გაგზავნამდე ჯერ დარწმუნდით, რომ მოცემულ პოზიციაზე მუშაობა გინდათ კიდეც და შეგიძლიათ, გაქვთ შესაბამისი განათლება, ცოდნა და გამოცდილება.

სურათზე: ,,კარგი, მაგრამ ეს ჩემი ამჟამინდელი CV არ არის. შეიძლება, მას მომავალში ჰქონდეს ასეთი სახე ”.

•    ჩაწერეთ CV-ში მხოლოდ სიმართლე. გასაუბრებაზე ადვილად დაგიჭერენ ტყუილში და უარეს უხერხულობაში ჩავარდებით.

•    არ შეიძლება ერთი CV-ის გაგზავნა ყველგან. რამდენად მსგავსიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ვაკანსიები, ყველა პოზიცია სხვადასხვა უნარის გამოკვეთას მოითხოვს, შესაბამისად, პირველ რიგში, CV უნდა დაამუშაოთ და მოცემულ ვაკანსიას მოარგოთ.

CV-ის შედგენისას გახსოვდეთ, რომ HR-ის (რომელიც შემოსულ CV-ებს გადაარჩევს) პირველი მიზანია ათეულობით დოკუმენტიდან რამდენიმე, სავარაუდოდ, 5-10 CV  შეარჩიოს, რომელსაც ყურადღებით წაიკითავს. მაშასადამე, პირველ ეტაპზე, თქვენ  CV-ის მხოლოდ  30 წამი თუ დაეთმობა. სამწუხაროა, თუმცა რეალობა: ამ დროს დამქირავებელი ეძებს არა გასაუბრებაზე დასაბარებელ კანდიდატებს, არამედ ისეთ CV-ის, რომელსაც დაუფიქრებლად წაშლის. ჩვენი ამოცანაა CV-ის საშუალებით წარმოვაჩინოთ ის ძლიერი მხარეები, რომლებიც მოცემულ პოზიციაზე მუშაობისთვის გვაქვს.

CV უნდა იყოს:

•    ორგანიზებული. კარგი იქნება, თუ მას სილფაენში აკრეფთ, რადგან ეს შრიფტი არ ირევა ელ. ფოსტით გადაგზავნისას.
•    მოკლე და ლაკონური, 2 გვერდი სავსებით საკმარისი იქნება. CV არ უნდა იყოს გადატვირთული ზმნებით, განსაკუთრებით, თუ ის ქართულ ენაზეა შედგენილი. ქართულ წინადადებებათა წყობა ისედაც რთული და კომპლექსურია და CV არ უნდა გადავტვირთოთ ზმნებით.
•    პოზიტიური. გამოკვეთილი უნდა იყოს თქვენი მიღწევები, ძლიერი მხარეები, წარმატებები და გამოცდილება.

CV უნდა შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

პერსონალური ინფორმაცია
სახელი, გვარი
დაბადების თარიღი
ოჯახური მდგომარეობა
მისამართი
ტელეფონი  (სახლი, მობილური)
ელ.ფოსტა

საინტერესოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ასაკობრივი დისკრიმანიის შესახებ კანონის შემოღების შედეგად, აღარ არის სავალდებულო დაბადების თარიღის ჩაწერა CV-ში. დამსაქმებლებიც იშვიათად ახსენებენ ასაკობრივ ზღვარს ვაკანსიაში. თუმცა საქართველოში ჯერ ასეთი კანონი არ არსებობს და გამოცხადებულ ვაკანსიებში ხშირად არის განსაზღვრული კანდიდატის მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი.

განათლება

სამუშაო გამოცდილება – პირველ ადგილზე იწერება ადგილი, სადაც ბოლოს მუშაობდით, რადგან დამსაქმებელს სწორედ ეს აინტერესებს ყველაზე მეტად.

ტრენინგებში მონაწილეობა

სხვა უნარები (უცხო ენების ცოდნა, კომპიუტერული პროგრამები, მათი ცოდნის დონის მითითებით)

ინტერესები

გახსოვდეთ, რომ CV-ის მხოლოდ პროფესიუნალური, საბუთის ფოტო უნდა დაურთოთ. არაფერია იმაზე უსიამოვნო, როცა CV-იში პლიაჟზე ან ბუნებაში გადაღებული ფოტოდან ამოჭრილი ადამიანი შემოგყურებთ.

ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა შეიცავდეს  CV.  არსებობს, სხვა მრავალი ხერხი, რომლის დახმარებითაც ხაზს გაუსვამთ თქვენთის საჭირო ინფორმაციას და თანაც ისე, რომ ვერავინ შეამჩნევს. უბრალოდ, საჭიროა დაკვირვებულობა. საილუსტრაციოდ მაგალითი მოვიყვანოთ:

პროფესიული გამოცდილება:

„თეგეტა ლოჯისტიკი’’ – „თეგეტა მოტორსის’’  შვილობილი კომპანია
2008-2009  – დირექტორი

შპს „რეგალი“    
2007-2010 – დირექტორის თანაშემწე, თარჯიმანი

საკმარისია თვალი გადავავლოთ ამ ფრაგმენტს და მაშინვე თვალში მოგვხვდება ორი რამ:  სათაური  ,,პროფესიული გამოცდილება’’ მარცხენა კიდესთან არის გასწორებული,  და არა ცენტრში; წლები კომპანიის დასახელების შემდეგ არის მოცემული.

ავტორს მართლაც ჭკვიანურად აქვს არჩევანი გაკეთებული: პროფესიული გამოცდილების შემდეგ (გასწორებული მარცხენა კიდესთან) თვალს ხვდება სამუშაო ადგილის დასახელება, რაზეც უნდოდა კიდეც ავტორს ყურადღება გაემახვილებინა. ამ მოხერხებულ მანევრზე ბევრი წამოეგებოდა და იტყოდა: ,,ვაა, ნახეთ ეს კაცი თეგეტა ლოჯისტიკის დირექტორი ყოფილაო”.

თუ გსურთ ხაზი გაუსვათ კომპანიაში მუშაობის ხანგრძლივობას, მაშინ, ლოგიკურია, ასეთ წყობას გამოიყენებთ:

პროფესიული გამოცდილება:
2002-2010-  „თეგეტა ლოჯისტიკი’’ – „თეგეტა მოტორსის’’  შვილობილი კომპანია -   დირექტორი

ამ შემთხვევაში, ერთ პოზიციაზე მუშაობის ხანგრძლივობა იქცევს ყურადღებას:  რვა წელი ერთი კომპანიის დირექტორობა ხუმრობა საქმე არ არის და შესაბამისად, პირველ რიგში, წლებია მოცემული.

საყურადღებოა ისიც, რომ CV – ში შეგიძიათ ახსნა განმარტებებიც გამოიყენოთ, როგორც მოცემულ მაგალითში:

„თეგეტა ლოჯისტიკი’’ – „თეგეტა მოტორსის’’  შვილობილი კომპანია

შეიძლება, ყველამ არ იცოდეს, რომ „თეგეტა ლოჯისტიკი’’  „თეგეტა მოტორსის’’  შვილობილი კომპანიაა. მოხერხებულად და ტექნიკურად გაკეთებული განმარტებით კი ფასს შესძენთ საკუთარ თავს და ძვირადაც ,,გაიყიდებით’’.

როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, რეზიუმესგან განსხვავებით, CV უფრო დეტალურია, ამიტომაც კარგი იქნება, თუ სამუშაო ადგილის დასახელების შემდეგ მოვალეობებსაც ჩამოვთვლით. დამსაქმებელს აღარ მოუხდება თქვენი გამოცდილების შესახებ მკითხაობა. თანაც რეალურად შეიძლება უფრო მეტს აკეთებდეთ, ვიდრე პოზიციის დასახელება გვაფიქრებინებს.  თუმცა აქაც ზომიერება გმართებთ – ჩამოწერეთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველ პოზიციასთან დაკავშირებული გამოცდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, CV უსარგებლო და ზედმეტი ინფორმაციით გადაიტვირთება:

„თეგეტა ლოჯისტიკი’’ – „თეგეტა მოტორსის’’  შვილობილი კომპანია
2008-2009  -   დირექტორი

-    კომპანიის ადმინისტრირება/მართვა/მიმართულების მიცემა/კონტროლი
-    კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრა და დამტკიცება
-    კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი
-    ფიზიკურ და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა
-    კომპანიის ბიუჯეტის განსაზღვრა/მართვა/კონტროლი
-    ბაზრის კვლევა და ანალიზი
-    მარკეტინგული გეგმის შემუშავა და დანერგვა

ასე უკეთესია ნამდვილად. თანდათან ჩვენი CV-იც ივსება და იზრდება, შესაბამისად, იზრდება ჩვენი შანსებიც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რასაც ხშირად და სამწუხაროდ სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ, არის ,,ინტერესები’’.  ეს პუნქტი პირდაპირ მიუთითებს თქვენს ხასიათზე, დამატებით უნარებზე. თქვენი ინტერესების მიხედვით კარგი HR მაშინვე მიხვდება, გუნდური მუშაობა გიყვართ, თუ დამოუკიდებელი, კომუნიკაბელური ხართ, თუ ჩაკეტილი. არ გჯერათ? მაგალითი ავიღოთ:

ინტერესები:
კითხვა, წერა, მუსიკის მოსმენა, ფილოსოფია.

ხომ ბევრს მეტყველებს ეს ჩამონათვალი? იცით, რას იფიქრებებენ პირველ რიგში? რომ ჩაკეტილი ადამიანი ხართ, რომელსაც მარტო ყოფნა და კითხვა ურჩევნია ადამიანებთან ურთიერთობას. მოდი, გამოვასწოროთ ყველაფერი:

ინტერესები:
კითხვა, მოგზაურობა, ალპინიზმი, გიტარაზე დაკვრა.

ცოტა უკეთესია. მაგრამ აქაც შეგვიძლია მეტის თქმა. დაფიქრდით, ყველას შეუძლია რაღაცის განსაკუთრებულად გაკეთება, ინტერსი ნიშნავს იმას, რაც გაინტერესებს და რასაც დროს უთმობ და, მაშასადამე, აუცილებლად გექნება რაღაც სათქმელი:

ინტერესები:
წერა – ვარ ავტორი ბლოგისა ,,მოგზაურობა საქართველოში’’, ვაქვეყნებ სტატიებს სხვადასხვა ონლაინ თუ ბეჭდურ გამოცემაში. მივიღე პრიზი ,,წლის საუკეთესო სტატია’’ და ა.შ.
მოგზაურობა – სხვა მოხალისეებთან ერთად  დალაშქრული მაქვს არაერთი მწვერვალი, დამყავს ტურისტებიც და ა.შ.

სათქმელი ნამდვილად გაქვს. თითქოს არავის უნდა აინტერესებდეს შენი ინტერსები. მართალია, უინტერსოდ და უშინაარსოდ დაწერილი არაფერია საინტერესო, მითუმეტეს,  CV.

თვალი გადავავლოთ შედეგებს:

სახელი, გვარი
მისამარათი
ტელ. (სახლი, მობ.)
ელ.ფოსტა
_________________________
განათლება:

პროფესიული გამოცდილება:

ტრენინგებში მონაწილეობა:

ენები:

კომპიუტერული პროგრამები:

ინტერესები:

იმედია, გაითვალისწინებთ ჩვენ რჩევებს და ეფექტურ CV-ის დაწერთ. თუ ეს ინფორმაცია მაინც არ არის თქვენთის საკმარისი, ეწვიე ჩვენ ვებ გვერდს მისამართზე www.staff.ge, სადაც რეზიუმეების ბაზა გვაქვს თავმოყრილი და  გადმოიწერე შენთვის საინტერესო CV, ან დაგვიკავშირდით და სიამოვნებით დაგეხმარებით CV-ის შედგენაში.

წარმატებებს გისურვებთ!

About these ads
  1. August 19, 2011 at 10:21 am | #1

    +1

  2. August 26, 2011 at 9:53 am | #2

    ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველია, ძალიან მომეწონა მარი :) :*

  3. August 29, 2011 at 3:39 pm | #3

    მართლაც საინტერესო იყო, ძალიან დამეხმარა cv-შ შედგენისას… :) იმედია გამიმართლებს და დამასაქმებენ:)

  4. June 20, 2012 at 4:51 pm | #4

    ძალიან დამეხმარა,მადლობა:)

  1. August 26, 2011 at 8:02 am | #1

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 86 other followers

%d bloggers like this: