შეკითხვათა ტიპები გასაუბრებაზე

გასაუბრება

გასაუბრება – შეხვედრა სამუშაოს მაძიებლსა და პოტენციურ დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს შორის კანდიდატის სამუშაოზე აყვანამდე. გასაუბრების დროს დამსაქმებელი პირადად ეცნობა აპლიკანტს, განსაზღვრავს, თუ რამდენად შეეფერება ის მოცემულ პოზიციას, განიხილება თანამშრომლობის დეტალებიც. დამსაქმებელი კანდიდატს უსვამს შეკითხვებს  განათლების, გამოცდილების, უნარებისა და ცოდნის შესახებ. შეიძლება, შეკითხვებს პირადი ხასიათიც ჰქონდეს: კანდიდატის მისწრაფებები, მიზნები, გეგმები.

გასაუბრებამდე ხდება შემოსული რეზიუმეების გადარჩევა და სასურველი კანდიდატების დაბარება გასაუბრებაზე. აპლიკანტს ზოგჯერ ფსიქოლოგიური ან პროფესიული ხასიათის ტესტირების გავლა უწევს. დიდ კომპანიებში გასაუბრება რამდენიმე ეტაპად ტარდება: კადრების შერჩევის სპეციალისტთან, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან, ფსიქოლოგთან, განყოფილების უფროსსა და კომპანიის ხელმძღვანელთან, გასაუბრებათა სირთულე კი საფეხურების მიხედვით იზრდება.

იმის გასაგებად, თუ რამდენად კვალიფიციურია აპლიკანტი  მოცემული პოზიციისათვის, კომპანიები გასაუბრებისათვის საგანგებოდ   შემუშავებულ შეკითხვებს იყენებენ, რომელთა საშუალებით ფასდება კანდიდატის უნარები  და  ხასიათი, მოწმდება რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია.

 ინტერვიუერი (კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც წარმართავს გასაუბრებას) ამზადებს შეკითხვებს, რომლებსაც უსვამს ყველა აპლიკანტს. ეს პროცესი დაახლოებით 10-15 წუთს გრძელდება, რაც უფრო დიდხანს გრძელდება საუბარი, მით უფრო იზრდება ალბათობა, რომ ინტერვიუერი დაინტერესდა აპლიკანტით, თუმცა დარწმუნებული ვერასოდეს იქნებით. გასაუბრების შემდეგ ხდება პასუხების შედარება და ყველაზე კვალიფიციური კანდიდატის შერჩევა. ჩვეულებრივ, გასაუბრების შეკითხვებსა და სტანდარტულ პასუხებს კადრების მართვის განყოფილება ამზადებს.

გასაუბრების შეკითხვები განსახვავდება კომპანიათა პრიორიტეტებისა და საჭიროებების მიხედვით. სასურველი აპლიკანტის შერჩევა რამდენიმე წუთში საკმაოდ რთულია, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია შეკითხვების სწორად შერჩევა.

გასაუბრების შეკითხვათა ტიპები

გასაუბრების გავლა ყველას უწევს ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ათასჯერაც რომ გახვიდე გასაუბრებაზე, ყოველი ახალი გასაუბრება მაინც რთული გეჩვენება. სინამდვილეში, გასაუბრება ჩვეულებრივი გაცნობითი საუბარია, უბრალოდ, თქვენი პასუხები გადაწყვეტს, აგიყვანენ სამუშაოზე, თუ – არა. ამიტომაც დარწმუნდით, რომ იმას სთავაზობთ კომპანიას, რაც სჭირდება. გასაუბრებაზე უფრო თავდაჯერებული იქნებით, თუ გეცოდინებათა მოსალოდნელ კითხვათა ტიპები.

გასაუბრებაზე აპლიკანტებს ძირითადად შემდეგი ტიპის შეკითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა:

ღია შეკითხვა:
ამ ტიპის შეკითხვას მაშინ იყენებს ინტერვიუერი, როცა ,,დიახ’’ და ,,არა’’ პასუხი არ არ აკმაყოფილებს და აპლიკანტისგან ვრცელ ინფორმაციას ელის. ასეთი შეკხვებია, მაგალითად: ,,რას გვეტყოდით თქვენ შესახებ?’’, ,,რატომ არის ეს პოზიცია თქვენთვის საინტერსო?’’ ,, რომელია თქვენი განსაკუთრებული უნარი?’’
ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კარგი იქნება, თუ გასაუბრებამდე სათანადო მოკვლევას ჩაატრებთ (გადაიკითხეთ თქვენი რეზიუმე და ორგანიზაციის ვებ გვერდი). შეადგინეთ სავარაუდო ღია ტიპის შეკითხვათა სია და მოამზადეთ პასუხები, გაიარეთ რეპეტიცია.

დახურული შეკითხვა:
მიზნად ისახავს აპლიკანტის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღებას  (განათლება, სამუშაო გამოცდილება და მუშაობის წლები, ტექნიკური ცოდნა, უნარ-ჩვევები). ამგვარი შეკითხვები მოკლე და კონკრეტულ პასუხებს საჭიროებს.
ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხს კარგად გაართმევთ თავს, თუ დაარწმუნებთ ინტერვიუერს, რომ თქვენი CV-ის დეტალებში ეჭვი არ გეპარებათ. ნუ გასცემთ მხოლოდ ,,დიახ-არა’’ პასუხს, დაამატეთ ღირებული ინფორმაცია. მაგალითად, შეკითხვაზე: ,,ბავშვების სწავლების მხრივ რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ?’’ კარგი პასუხი იქნება: ,,დიახ, 4 წელი ვასწავლიდი სკოლაში და ვფიქრობ, იქ მიღებული გამოცდილება მართლაც ფასეული და მნიშვნელოვანია…’’

ჰიპოთეზური შეკითხვა:
ამ შეკითხვათა საშუალებით ინტერვიუერი თქვენს პრობლემათა  გადაჭრის უნარს აფასებს და ამოწმებს, გაქვთ თუ არა საკმაო გამოცდილება მოცემულ პოზიცასთან დაკავშირებული ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.
ამ ტიპის შეკითხვაზე საპასუხოდ, გარკვეული ინფორმაცია დაგჭირდებათ. შეიძლება, ინტერვიუერმა თქვენთვის სასურველ პოზიციასთან დაკავშირებული დავალება ან პრობლემა ისე აღწეროს, რომ ვერ გაიგოთ ან ძალიან გერთულოთ. ნუ იჩქარებთ და ნუ გასცემთ დაუფიქრებელ პასუხს. გახსოვდეთ, რომ გაქვთ შეკითხვის  დასმის უფლება. თუ რაიმე გაუგებარია, ნუ მოგერიდებათ, ჩაეძიეთ ინერვიუერს. ამით საჭირო ინფორმაციასაც მოიპოვებთ და დაარწმუნებთ თანამოსაუბრეს, რომ აქტიურად უსმენთ და ეს სამუშაო თქვენთვის მნიშვნელოვანია. იყავით აქტიური მსმენელი. ნუ დაიბნევით, ახალი დავალება მხოლოდ იმიტომ გერთულებათ, რომ არ გაქვთ მისი შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, რომლის მოპოვება თქვენი უფლებაც არის და მოვალეობაც. ასეთი შეკითხვა ჩვეულებრივ ასე იწყება ,,რას იზამდით, რომ…’’

წამყვანი შეკითხვა:
ამ შეკითხვას ვარაუდის ფორმა აქვს (,,ესე იგი დიდი გამოცდილება გაქვთ მომსახურების სფეროში?’’). ამ დროს ინტერვიუერი ცდილობს კონკრეტული პასუხი მიიღოს აპლიკანტისგან (დიახ, როგორც ჩემი რეზიუმედან ხედავთ, 7 წელი ვიმუშავე რეგისტრატორად).
პასუხის გაცემისას ყურადღებით იყავით. დაფიქრდით, შეიძლება, ინტერვიუერი  ნეგატიურ შეკითხვას გისვამდეთ (,,გამყიდველად მუშაობისას გაგიჭირდებოდათ უფროსთან ურთიერთობა’’). ყოველთვის ეცადეთ, პოზიტიური პასუხი იპოვოთ.

გადაბმული შეკითხვები:
ასეთი შეკითხვებით აპლიკანტის აზროვნებისა და მსჯელობის უნარს ამოწმებენ: ინტერვიუერი ერთდროულად რამდენიმე შეკითხვას სვამს: ,,რას ფიქრობთ ჩვენი ახალი პროდუქტის შესახებ? როგორ გგონიათ, შევძლებთ ჩვენი მომსახურებს გაუმჯობესებას და თუ კი, როგორ?’’
პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ ასეთი შეკითხვით თქვენს აზროვნებას ამოწმებენ და პასუხი კარგად მოიფიქრეთ. თუ შეიკითხვას მთლიანად ვერ დაიმახსოვრებთ, ნუ მოგერიდებათ, სთხოვოთ ინტერვიუერს მისი გამეორება. შეკითხვას ნაწილ-ნაწილ გაეცით პასუხი, დაიცავით შეკით ვის სტრუქტურა და თანმიმდევრობა.

ბიჰევიორული შეკითხვა:
გამოიყენება კანდიდატის ქცევის შესამოწმებლად. ეს კითხვის იდეა ის არის, რომ იმის განსაზღვრისათვის, თუ როგორ მოიქცევა კანდიდატი მომავალში, უნდა გავიგოთ, თუ როგორ მოიქცა ის ანალოგიურ სიტუაციაში, წარსულში.

არსებითი მნიშვნელობა აქვს თქვენს გულწრფელობას. ინტერვიუერი სხვა შეკითხვებსაც დაგისვამთ და ტყუილში ჩაიჭრებით. მომზადების საუკეთესო ხერხი ინფორმაციის მოძიებაა: კომპანიის მოთხოვნები, პოზიციისთვის საჭირო უნარები და გამოცდილება. გაეცანით კომპანიის ვებ გვერდს და საქმიანობის სფეროს.

ბიჰევიურულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას სპეციალისტები ე.წ. ,,სტარ’’ (ინგლ. STAR იშიფრება, როგორც სიტუაცია, დავალება, მოქმედება, შედეგი) მეთოდით გვირჩევენ:
სიტუაცია – აღწერეთ სიტუაცია
დავალება ან პრობლემა – რა დილემა თუ პრობლემა იდგე თქვენ წინაშე?
მოქმედება – როგორ მოიქეცით?
შედეგი – რა შედეგი მოჰყვა თქვენ ნაბიჯს?

შეკითხვა კვალიფიკაციის გამოსავლენად:
ასეთი შეკითხვაა, მაგალითად, ,,თქვენი ლიდერული უნარების კონკრეტულ მაგალითს ხომ ვერ მეტყოდით?’’ ან ,,აღწერეთ, როგორ იპოვეთ გამოსავალი რომელიმე პრობლემიდან ’’. ასეთი შეკითხვით ინტერვიუერი ცდილობს, გამოავლინოს თქვენ მიერ წარსულში გადადგმული ნაბიჯები და განსაზღვროს რამდენად კომპეტენტური ხართ მოცემული პოზიციისთვის.

საინტერესოა, რომ კანდიდატის შერჩევის თვალსაზრისით ყველაზე საიმედოა ბიჰევიორული და კვალიფიციური შეკითხვები, რადგან მათი სანდოობა 55 %-ია. დანარჩენი შეკითხვები კი საიმედოა მხოლოდ 10 %-ით. ეს მაჩვენებელი დაახლოებით უტოლდება რეზიუმეთა გადარჩევით მიღებულ შედეგს. აღსანიშნავია, რომ შეკითხვათა პირველი 5 ტიპი მაინც ყველაზე დიდი მოწონებით სარგებლოს გამოუცდელ ინტერვიუერთა შორის. ბიჰევიორული და კვალიფიციური შეკითხვები უფრო და უფრო მეტ აღიარებას ჰპოვებს გამოცდილ ინტერვიუერთა შორის, ვინაიდან წარსულში გადადგმული ნაბიჯები თუ მოქმედება სამომავლო შედეგების ყველაზე საიმედო მაჩვენებელია, განსაკუთრებით, როცა რომელიმე პოზიციისთვის საჭირო კვალიფიკაციაზე ვსაუბრობთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s