გასაუბრება მაიკროსოფტში

დაფიქრებულხართ, რა სახის შეიძლება იყოს ყველაზე რთული გასაუბრება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დაგამახსოვრდებათ და მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ცხოვრებას მაშინაც კი, თუ მოცემულ პოზიციას ვერ დაიკავებთ? ქართულ სინამდვილეში ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ასეთ სირთულეს წააწყდებით როდესმე, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომპანიათა უმეტესობას ან საერთოდ არ ჰყავს კადრების შერჩევის სპეცილიასტი, ან არ აქვს შემუშავებული გასაუბრების სტრატეგია, მეთოდები და შეკითხვები, ან საერთოდ ვერ ხვდება, რა საჭიროა ეს ყველაფერი. სინამდვილეში, სათანადო  კადრის შერჩევა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ და როგორ წარმართავს გასაუბრებას. უდავოა, რომ კომპანიის წარმატება დიდად არის დამოკიდებული თანამშრომლებზე – იმ ადამიანებზე, რომლებიც საქმეს ასრულებენ და ,,აცოცხლებენ’’ ორგანიზაციას.

სწორედ ამიტომ მსხვილი კომპანიები თავიანთი მიზნების, ხედვის, მოთხოვნებისა და ხასიათის გათვალისწინებით კადრების შერჩევისა და გასაუბრების თავიანთ მეთოდებს აყალიბებენ. ამაზე ხარჯავენ დიდ დროსა და ენერგიას, რადგან სჯერათ, რომ ეს დრო უქმად არ არის დაკარგული: ერთი ცუდი თანამშრომელი უფრო მეტად აზარალებს კომპანიას, ვიდრე კარგი თანამშრომლის შერჩევა. ამის კარგი მაგალითია მაიკროსოფტი.

მაიკროსოფტმა კადრების შერჩევისა და გასაუბრების განსაკუთრებული მეთოდი შეიმუშავა, რომელსაც მაიკროსოფტის მეთოდს უწოდებენ. ეს იყო ახალი, ინოვაციური მოდელი, რომელიც მოგვიანებით ისეთმა მსხვილმა და მნიშვნელოვანმა კომპანიებმა აიტაცეს, როგორებიც არიან: ამაზონი, ფეისბუქი და გუგლი.

რაში მდგომარეობს ამ მეთოდის ინოვაციური ხასიათი?

მაიკროსოფტის მეთოდი მიზნად ისახავდა კანდიდატის ტექნიკური ცოდნის, პრობლემების გადაჭრისა და შემოქმედებითი უნარის მაქსიმალურ გამოვლენას, მაშინ, როცა იმდროინდელი კომპანიები (და დღევანდელნიც) იყენებდნენ მიზნობრივ და კანდიდატის სისუსტეების გამოვლენაზე ორიენტირებულ გასაუბრებას.  თავდაპირველად აღნიშნული მეთოდი ემყარებოდა ბილ გეიტსის  გატაცებას თავსატეხებით. მასში თანდათანობით   ჩართეს ფერმის (იტალიელი ფიზიკოსი) პრობლემები, ლოგიკური ამოცანები, ბოლოს კი მან პროგრამირების  შეკითხვებიც მოიცვა. თავსატეხებითა და ამოცანებით ხდება როგორც  კანდიდატთა კომპეტენციის, ასევე მათი გონებრივი მონაცემების შემოწმება. ისვე როგორც ბიზნესსა და ფეხბურთში, ლოგიკური ამოცანებით ადამიანი წარმატებულთა ან უიღბლოთა ჯგუფებად იყოფიან. ან გაქვთ პასუხი, ან – არა… გამარჯვებას თავისი ფასი უნდა ჰქონდეს. ამ პრობლემის საფუძველზე ჯოელ სპოლსკიმ ადამიანები შემდეგ კატეგორიებად დაყო: 1. გონებამახვილი ადამიანი, რომლსაც საქმის შესრულება შეუძლია, 2. გონებამახვილი, რომელიც ვერ ასრულებს საქმეს და 3. ადამიანი, რომელიც საქმეს ასრულებს, მაგრამ გონებამახვილი არ არის.

ეს მოდელი დღეს ფართოდ გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.

მაიკროსოფტი თანამშრომელთა რიგებში იღებს როგორც სტუდენტებს, ასევე უფრო გამოცდილ სპეციალისტებს. პირველ შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭებათ ინფორმაციული ტექნოლოგიების, გამოთვლითი, კომპიუტერული, სისტემური ინჟინერიის სტუდენტებს, რომელნიც მაიკროსოფტში მოიაზრებიან სამ ძირითად ტექნიკურ პოზიციაზე: პროგრამული ინჟინერი, პროგრამული დიზაინის ინჟინერი და პროგრამული მენეჯერი.

მაიკროსოფტს აქვს პოზიციები არატექნიკური განათლების სპეციალისტთა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრთათვის.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა.
მაიკროსოფტი თანამშრომელთა დიდ ნაწილს აშშ-ს კოლეჯებიდან ირჩევს. კოლეჯის სტუდენტთათვის გასაუბრების პროცესი ფაქტიურად იწყება ე.წ. ღია კარის დღით, დასაქმების ფორუმით (Campus Fair), სადაც სტუდენტები მაიკროსოფტის წარმომადგენელს გადასცემენ რეზიუმეს. ღია კარის დღეზე სტუდენტებს საშუალება აქვთ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ მაიკროსოფტის შესახებ.

რეზიუმეთა გადარჩევის შემდეგ ხდება გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან, რომელიც ტარდება კოლეჯის კემპუსში ან ტელეფონით. ეს ეტაპი დაახლოებით 30-45 წუთი გრძელდება.

გასაუბრებამდე კანდიდატს სთხოვენ შეავსოს სააპლიკაციო ფორმა, სადაც შეუძლია აირჩიოს  სამუშაო ადგილი და ტიპი (ბიზნეს ინიციატივები, მედია ცენტრი/გეიმინგი, ოპერაციული სისტემა).

ინტერვიუერი ცდილობს განსაზღვროს, თუ რამდენად შეძლებს კანდიდატი განვითარებას მაიკროსოფტში. დასრულების შემდეგ კი დამსაქმებელი გადაწაყვეტს, რამდენად შეესაბამება ერთმანეთს მაიკროსოფტის ბიზნეს საჭიროებები და კანდიდატის კვალიფიკაცია.

კანდიდატთან დაკავშირება 2-3 კვირის განმავლობაში ხდება.

მეორე ეტაპი მაიკროსოფტის შტაბში (რედმონდი, ვაშინგტონი) ან სხვა რომელიმე ოფისში ტარდება. ეს არის გადამწყვეტი ეტაპი კანდიდატისათვის. ინტერვიუერი სპეციალურად სვამს   აბსტრაქტულ და ორაზროვან  შეკითხვებს, ის აპლიკანტისაგან მოელის შეკითხვებს, რომელთა დახმარებითაც ეს უკანასკნელი უპასუხებს დასმულ შეკითვას. კანდიდატს აძლევენ მარკერს, საშლელს და დაფას, რომელზედაც  თავის მსჯელობას ასახავს. ინტერვიუერი თვალს ადევნებს კანდიდატის მუშაობას.

ამ დღეს კანდიდატს მაიკროსოფტის სამ-ოთხ თანამშრომელთან უწევს შეხვედრა. ტიპიური განრიგი ასეთია: ორი გასაუბრება დილით, ერთი გასაუბრება სადილზე (ლანჩზე) და ორი – შუადღისას.

ყოველი გასაუბრების შემდეგ ინტერვიუერი დანარჩენ ინტერვიუერებს (ზემოთ ხსენებულ სამ-ოთხ თანამშრომელს) უგზავნის სრულ ანგარიშს თავისი კომენტარებით. აღნიშნული ელ. წერილი ჩვეულებრივ იწყება დასკვნით „აყვანილია” ან „არ არის აყვანილი”. ბოლო ინტერვიუერი, როგორც წესი, ინტერვიუერთაგან უხუცესი,  წყვეტს, თუ რამდენად შეეფერება კანდიდატი მოცემულ პოზიციას. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება კანდიდატს, თუ დანარჩენ ინტერვიუერთაგან მიღებული კანდიდატის შეფასება ზოგადად  დადებითია. სწორედ მას გამოაქვს საბოლოო ,,განაჩენი“.

ვინაიდან ეს პიროვნება ყველაზე გავლენიანია და ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულნი არიან სხვა თანამშრომლებიც, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება უარყოფითი იყოს მაშინაც კი, თუ დანარჩენი ინტერვიუერები ემხრობიან სტუდენტის აყვანას.

მეორე ეტაპის შემდეგ კანდიდატს სრულად უნაზღაურებენ ყველა დანახარჯს (სამგზავრო, კვების), რომელიც რედმონდამდე მგზავრობისთვის გასწია. კანდიდატს უკავშირდებიან ელ. ფოსტით ან ტელეფონით და აწვდიან გასაუბრების დეტალურ შედეგს. დადებითი პასუხის შემთხევვაში კანდიდატი იღებს შეთავაზებას და ცნობას სამუშაოს დაწყების თარიღთან დაკავშირებით.

რამდენიმე სახალისო შეკითხვა მაიკროსფტისაგან:
მაიკრსოფტის შეკითხვების შესახებ სხვა პოსტში გვექნება საუბარი. თუმცა აქვე დავურთავ რამდენიმე სახალისო შეკითხვას განწყობისათვის:

•    შექმენი ტელეფონი უსინათლოთათვის
•    შექმენი ბიბლიოთეკის ვებ გვერდი
•    შექმენი მაღვიძარა
•    რა მეთოდს გამოიყენებდი ლექსიკონში სიტყვის საძიებლად?
•    რომელ ცხოველს შეადარებდი შენ თავს?
•    რომელ ისტორიულ პირთან ერთად ისურვებდი სადილობას?
•    მაიკროსოფტის რამდენი ინჟინერი დასჭირდება ერთი ნათურის ჩასასმას?

ყველას გისურვებთ მაიკროსოფტში მუშაობის დაწყებას : )

3 thoughts on “გასაუბრება მაიკროსოფტში

  1. რომელ ცხოველს შეადარებდი შენ თავს? რატომ მეცნობა ?
    საინტერესო თემაა,მაიკროსოფტი ხო უფრო საინტერესო.მომწონს მათი მუშაობის სტილი და კანდიდატების არჩევა.

  2. ყველას გისურვებთ მაიკროსოფტში მუშაობის დაწყებას : ) <——- დიდი მადლობა ასეთი კეთილი სურვილებისთვის.. :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s