როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

სამოტივაციო წერილი რეზიუმეს/CV-ის თანმხლები წერილია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს კადრების შერჩევის პროცესში. ეს არის მნიშვნელოვანი მარკეტინგული იარაღი დამსაქმებლის დასარწმუნებლად, რომ ჩაიხედოს თქვენს რეზიუმეში.

რეზიუმეზე დართულ სამოტივაციო წერილს ორი უმთავრესი მიზანი აქვს: დაარწმუნოს პოტენციური დამსაქმებელი, რომ დაგიბაროთ გასაუბრებაზე და წარმოაჩინოს ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც არ ჩანს თქვენს რეზიუმეში.

ფორმატი

სამოტივაციო წერილი ჩვეულებრივი საქმიანი წერილია. ის საკმაოდ მოკლეა, შედგება დაახლოებით 200-250 სიტყვისაგან  და აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სტრუქტურა.

სამოტივაციო წერილის ფორმატი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორ გზავნით  სამოტივაციო წერილს – ჩვეულებრივი ფოსტით (ბეჭდური სახით) თუ ელ. ფოსტის საშუალებით.

ბეჭდური სახის სამოტივაციო წერილის შემთხვევაში, თქვენი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები თქვენი სახელის ქვეშ, მარჯვენა ზედა კუთხეში იწერება . გაითვალისწინეთ,რომ ქართულში მკვეთრად განსაზღვრული პოზიცია არ აქვს ამ პუნქტს და შეგიძლიათ, მარცხენა კიდეში განათავსოთ აღნიშნული ინფორმაცია. თუმცა, ჩემი აზრით, უფრო ეფექტური იქნება, თუ მარჯვენა ზედა კუთხეში თქვენს დეტალებს დაწერთ, მის ქვემოთ, მარცხენა კიდესთან კი – იმ ადამიანის მონაცემებს, ვისაც სწერთ.

სამოტივაციო წერილის ელ.ფოსტით გაგზავნისას თქვენი მონაცემები, მისამართი გადადის წერილის ბოლოში. ეს არის ე.წ. ხელმოწერის ბლოკი, რომელიც ნებისმიერ ოფიციალურ წერილს ბოლოში ერთვის. ასე რომ, ამ დროს ბევრი თავის მტვრევა არ დაგჭირდებათ.

ძალიან ხშირად, რაც, ჩემი შეხედულებით,  ჭკვიანურიც არის, სამოტივაციო წერილს მიმაგრებული ფაილის სახით კი არ გზავნია, არამედ პირდაპირ აკოპირებენ ელ.ფოსტაში: კადრების შერჩევის სპეციალისტი მიღებული წერილის გახსნისთანავე პირველ რიგში თქვენს სამოტივაციო წერილს ხედავს, და, რამდენიმე წინადადების წაკითხვის შემდეგ წყვეტს, წაიკითხოს თუ არა თქვენი CV. შესაბამისად, თქვენზეა დამოკიდებული, მიმაგრებული ფაილის სახით გაგზავნით სამოტივაციო წერილს, თუ პირდაპირ ჩააკოპირებთ.

თარიღი იწერება თქვენი საკონტაქტო დეტალების წინ ან შემდეგ, ხაზის გამოტოვებით.

ხელმოწერას რაც შეეხება, ცხადია ელექტრონულ წერილს ხელს ვერ მოაწერთ, მაგრამ, მისი ბეჭდური სახით გაგზავნის შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა.

სტრუქტურა

საუკეთესო შემთხვევაში სამოტივაციო წერილი ერთ გვერდს არ აღემატება და 4 აბზაცისგან შედგება.

პირველ აბზაცში დააზუსტეთ ვინ ხართ, რა საკითხზე წერთ და როგორ შეიტყვეთ ვაკანსიის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ პასუხი უნდა გასცეთ დამსაქმებლის შეკითხვებს:

ვინ ხართ?
რატომ მიკავშირდებით?
საიდან გაიგეთ ვაკანსიის შესახებ?
რატომ უნდა დავინტერესდე თქვენით?

მეორე აბზაცში ისაუბრეთ თქვენს უნარებსა და ცოდნაზე, რომელთა გათვალისინებითაც სასურველი ვაკანსიისთვის შესაფერისი კანდიდატი ხართ. წაიკითხეთ განაცხადი, გაიაზრეთ მოთხოვნები, სამუშაოს აღწერა და ჩამოაყალიბეთ, თუ რამდენად აკმაყოფილებთ  მოთოვნებს. უბრალოდ კი არ ჩამოთვალოთ თქვენი უნარები, დაასაბუთეთ. ჯერ აღწერეთ თქვენი უნარი, შემდეგ კი ისაუბრეთ, თუ როგორ გამოიმუსავეთ, შეიძინეთ ის. საბოლოო ჯამში, სამოტივაციო წერილმა დამსაქმებელს თქვენი პიროვნების შესახებ ნათელი წარმოადგენა უნდა შეუქმნას, უნდა დაარწმუნოს, რომ არამარტო სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო უნარები გაქვთ, არამედ  ხართ შემოქმედებითი, საინტერესო ადამიანი, რომელსაც  მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ მეორე აბზაცში ნაჩვენები უნდა იყოს, თუ რატომ ხართ შესაფერისი კანდიდატი.

მესამე აბზაცში ნათქვამი უნდა იყოს, თუ რატომ გსურთ აღნიშნული პოზიციის დაკავება. აღნიშნეთ უნარები, რომელსაც ამ პოზიციაზე შეიძენთ, რას მოუტანთ კომპანიას და რას მიიღებთ თავად.

მეოთხე აბზაცში  გამოთქვით გასაუბრების სურვილი, რომ უფრო დეტალურად განიხილოთ თქვენი შესაძლებლობები თუ  დასაქმების შანსები. გამოთქვით მზაობა დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. მადლობა გადაუხადეთ, რომ გამონახა დრო თქვენი წერილის წასაკითხად.

სტილი და ფონტი. გამოიყენეთ სადა, მარტივი ფონტი, უმჯობესია სილფაენი. შრიფტის ზომა უნდა იყოს 10-12 ერთეული. გაითვალიწინეთ, რომ მთელი დოკუმენტი ერთი ზომისა და ფონტის უნდა იყოს, ძალიან ცუდი ტონი იქნება, თუ ერთი აბზაცი ერთი ფონტით იქნება შესრულებული, მეორე – მეორეში და ა.შ. დოკუმენტის მინდორი თქვენ თავად დაარეგულირეთ. გაითვალიწინეთ, რომ სამოტივაციო წერილი ერთ გვერდზე უნდა დაეტიოს. კარგი იქნება, თუ CV-ისა და სამოტივაციო წერილს ერთი და იმავე სტილითა და  ფონტით დაწერთ.

 (თქვენი მონაცემები შეიძლება განთავსდეს მარჯვენა კუთხეში ან ცენტრში, თარიღი – უკიდურეს ზედა კუთხეში, ან თქვენი მონაცემების შემდეგ)თქვენი სახელი, გვარი
საფოსტო კოდი, ქალაქი, ქუჩა, ქუჩის ნომერი, ბინა.
ტელეფონი
ელ.ფოსტათარიღი

კომპანია
მისამართი
ადრესატის ტიტული
სახელი გვარი

პირველი აბზაცი: აღნიშნეთ რატომ წერთ, როგორ გაიგეთ ორგანიზაციისა და ვაკანსიის შესახებ. რელევანტური ძირითადი ინფორმაცია თქვენს შესახებ.

მეორე აბზაცი: ისაუბრეთ, თუ რატომ დაინტერესდით აღნიშნული პოციით, ვაკანსიით, კომპანიით. წარმოაჩინეთ, რომ საკმაოდ კარგად იცნობთ ორგანიზაციის მუშაობნის სფეროს, პოზიციას და სამუშაოს აღწერას, დაუკავშირეთ ისინი თქვენს სამუშაო გამოცდილებას. აღნიშნეთ ის უნარები, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნული პოზიციისთვის შესაფერისი კადრი ხართ და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს (აქცენტი გააკეთეთ იმაზე, თუ რას მოუტანთ კომპანიასა და დამსაქმებელს, და არა პირიქით). აქ გეძლევათ შანსი დაასაბუთოთ თქვენს რეზიუმეში აღნიშნული რელევანტირი დეტალები.

მესამე აბზაცი: გამოთქვით გასაუბრების სურვილი, რომ უფრო დეტალურად განიხილოთ თქვენი შესაძლებლობები, თუ  დასაქმების შანსები. აღნიშნეთ, რომ მზად ხართ დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. მადლობა გადაუხადეთ, რომ გამონახა დრო თქვენი წერილის წასაკითხად.

პატივისცემით,

თქვენი სახელი და გვარი

(ელ. ფოსტის შემთხვევაში, აქ იქნება თქვენი საკონტაქტო მონაცემები)

8 thoughts on “როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

  1. საინტერესო,საჭირო და აუცილებელი რჩევაა,მადლობა .

    მაგრამ პოსტში ხშირად განმეორდა დეტალები
    ტელეფონი

    ელ.ფოსტა

    თარიღი

    კომპანია

    მისამართი

    ადრესატის ტიტული

    სახელი გვარი
    X2 + პირველი აბზაცი: მეორე და მესამე,გადახედეთ და ჩაასწორეთ.

    • ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ სახელი და გვარიც წერია CV-ში და სამოტივიციო წერილშიც აღარ უნდა ჩავწეროთ :).

      კი, ნანუკა. აუცილებლად უნდა მიუთითო. სამოტივაციო წერილის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ყოველთვის რეზიუმეს/CV-ის ახლავს, ცალკე სამოტივაციო წერილი არ მგონია, ვინმემ მოითხოვოს. შესაბამისად, თუ გინდა, რომ შენი სამოტივაციო წერილი მიღებულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და სერიოზული, საქმიანი იერი ჰქონდეს, ყველაფერი უნდა ჩაწერო, დაწყებული თარიღით , დამთავრებული საკონტაქტო ინფორმაციით – ნომერი და მისამართი. CV ცალკე დოკუმენტია, სამოტივაციო წერილი – ცალკე. თუმცა ზოგი ასეთ სამოტივაციო წერილსაც წერს:

      მოგესალმებით,

      ახლა თუ თქვენ ამ სამოტივაციო წერილს კითხულობთ, ესე იგი ჩემი სივი მიგიღიათ. დამიჯერეთ, თუ გასაუბრებაზე დამიბარებთ, არ ინანებთ. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი მოლოდინი და იმედები გავამართლო.

      წინასწარ დიდი მადლობა :),

      პეტრე პავლიაშვილი

      <====/ ნამდვილად არ გამოდგება.

      ასე რომ, დაუმატე საკონტაქტო დეტალები სამოტივაციო წერილს და წარმატებებს გისურვებთ

  2. […] როგორ.გე-ს “როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილის” ტექსტის დანარჩენი ნაწილი აღებულია სტაფფგე-ს ბლოგზე 2011 წელს გამოქვეყნებული პოსტიდან. […]

Leave a reply to giorgi კომენტარის გაუქმება