სამუშაოს პოვნის შვიდი გზა

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ჩივის, რომ რეგულარული ძებნის მიუხედავად სამუშაოს ვერ პოულობს. დღეს სამსახურის ძებნის ყველაზე გავრცელებული საშუალება საქართველოსა და საზღვარგარეთ ინტერნეტი, კერძოდ კი დასაქმების საიტებია, სადაც რეგულარულად ქვეყნდება ყველა მსხვილ კომპანიაში გამოცხადებული ვაკანსიები. კომუნიკაციის გამარტივებასა და ინტერნეტის განვითარებასთან ერთად თითქოს უნდა გაადვილებოდა ხალხს სამუშაოს პოვნა, მაგრამ უმუშევრობა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება: ყოველ გამოცხადებულ ვაკანსიაზე უამრავი აპლიკანტი გზავნის CV-ის და ვინაიდან კონკურენცია ძალიან მაღალია, ბევრი პასუხსაც კი ვერ იღებს, სამსახურზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ეს დღეებია ვცდილობ გავარკვიო, როგორ ეძებს ხალხი სამუშაოს. უმუშევრებს დასაქმების საიტების იქით გზა არ აქვთ, რადგან ვაკანსიების ყველაზე სრულყოფილი ჩამონათვალი მხოლოდ მათი საშუალებით ქვეყნდება. მიუხედავად ამისა, უმუშევრების, სხვადასხვა კომპანიათა თანამშრომლებისა და კადრების შერჩევის სპეციალისტთა თქმით, სამსახურის ძიება მხოლოდ დასაქმების საიტების მეშვეობით არამცთუ უაიმედო, არამედ არასწორიც კია.

Read More »

როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სამუშაოზე

ორშაბათთან ერთად სამუშაო კვირა იწყება. გარდერობს ვაღებ და ტანსაცმელს უკმაყოფილოდ ვათვალიერებ – ყველაფერი უღიმღამო და მოწყენილი მეჩვენება. ჩემი სამუშაო დღის ყველაზე უსიამოვნო და პრობლემური მომენტი – რა ჩავიცვა? არჩევანის გაკეთებამდე დაახლოებით სამჯერ მიწევს გამოცვლა. ბოლოს, როგორც იქნა, მზად ვარ.

სამსახურის შესაბამისად ჩაცმა არც თუ ისე ადვილია, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კომპანიათა უმეტესობა არანაირი ჩაცმის კოდექსს არ იცავს. ამას ემატება ისიც, რომ დღეში ცხრაჯერ იცვლება ამინდი და დილით თუ საკმაოდ გრილა, შუადღისას შეიძლება ძალიან დაცხეს.

მოლოდინი მართლდება და პირველივე შემხვედრი თანამშრომელი ბრეტელებიან მაისურში მხვდება. უსიამოვნოდ ვიშმუშნები შავ პიჯაკში და თვალი მრჩება თეთრ მაისურზე. ჯინსის შარვლის, მოკლე კაბისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შემდეგ ჩემნაირი ,,პიჯაკიც’’ შემოდის და გახარებული ვათვალიერებ.

საგონებელში ჩავარდნილი ისევ გუგლს მივმართავ და ვცდილობ, გავარკვიო, საერთოდ, დედამიწაზე არსებობს თუ არა ცნება ,,ჩაცმა სამსახურის შესაბამისად’’ და ვინმე აქცევს თუ არა მას თუნდაც სულ მცირე ყურადღებას. აღმოჩნდა, რომ იმ სხვა სამყაროში, რომლის პატარა ნაპერწკლებს ვხედავ ხანდახან ჩემ გარშემო, კომპანიები ჩაცმის კოდექსს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რამდენადაც თითოეული თანამშრომელი კომპანიის სახეა და ევალება შესაბამისად და პროფესიონალურად გამოიყურებოდეს.

Read More »

რა უნდა ვკითხოთ ინტერვიუერს გასაუბრებაზე

ჩვეულებრივ, გასაუბრების ბოლოს ინტერვიუერი აპლიკანტს ეკითხება: ,,რაიმე შეკითხვა ხომ არ გაქვთ?’’ ზოგი ფიქრობს, რომ შეკითხვის დასმა არ არის საჭირო და არ იჩენს ინიციატივას. ასეთ პასუხით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ეს სამსახური ნაკლებად საინტერესოა კანდიდატისთვის.

გასაუბრებამდე აუცილებლად მოამზადეთ შეკითხვა, რომელსაც ინტერვიუერს დაუსვამთ. თუ იტყვით: ,,შეკითხვა არ მაქვს, რადგან უკვე ყველა ძირითად საკითხს შევეხეთ’’, ინტერვიუერი იფიქრებს, რომ დამოუკიდებლად აზროვნება არ შეგიძლიათ, მორცხვობთ, არ ხართ აქტიური და საკუთარ თავში დარწმუნებული და ა.შ. დამსაქმებელს დასაკვნა თქვენი შეკითხვებიდანაც გამოაქვს.

მოამზადეთ რამდენიმე შეკითხვა კომპანიის მიღწევებისა და ამოცანების შესახებ. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ არ დაიზარეთ, დაინტერესდით და წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ, რითიც მხოლოდ კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ ინტერვიუერზე. არ დასვათ ისეთი შეკითხვა, რომლითაც მიხვდება ინტერვიუერი, რომ კომპანიის შესახებ არ მოგიძიებიათ ინფორმაცია.

ნუ დასვამთ ,,პირად’’ შეკითხვებს, როგორებიცაა, მაგალითად, ,,როდის მექნება დაწინაურების საშუალება?’’ ,,რამდენია ხელფასი?’’ ,,როდის მომემატება ანაზღაურება?’’. ხელფასზე საუბარს ნუ დაიწყებთ, ჩვეულებრივ, ამ საკითხს მომდევნო ეტაპზე განიხილავენ, როცა აპლიკანს უკვე სთავაზობენ სამსახურს.

Read More »

გასაუბრების შეკითხვები და მათი პასუხები

გასაუბრება ყოველთვის სტრესთან არის დაკავშირებული. ყოველი გასაუბრება რთულია, თუნდაც მანამდე ათობით გასაუბრება გქონდეს გავლილი. გასაუბრებები განსხვავდება ერთმანეთისაგან კომპანიების, სფეროების, ინტერვიუერების შესაბამისად. სტერსის შემცირების საუკეთესო ხერხია წინასწარ მომზადება.

ადამიანები, რომელთაც მრავალჯერ მოუწიათ გასაუბრების გავლა, აღნიშნავენ, რომ გასაუბრების შეკითხვები სტანდარტულია. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მოსალოდნელი შეკითხვების განსაზღვრა და მათი პასუხების მომზადება. თქვენი ამოცანაა, საუკეთესო პასუხი გასცეთ ყველა შეკითხვას და ,,აჯობოთ’’ სხვა კანდიდატებს. კარგი იქნება, თუ გასაუბრებისთვის შემდეგი საფეხურების მიხედვით მოემზადებით:

  • გამოიკვლიეთ კომპანიის საქმიანობის სფერო
  • განსაზღვრეთ მოსალოდნელი შეკითხვები
  • ჩამოაყალიბეთ საუკეთესო პასუხები
  • გაირეთ ე.წ. რეპეტიცია

Read More »

შეკითხვათა ტიპები გასაუბრებაზე

გასაუბრება

გასაუბრება – შეხვედრა სამუშაოს მაძიებლსა და პოტენციურ დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს შორის კანდიდატის სამუშაოზე აყვანამდე. გასაუბრების დროს დამსაქმებელი პირადად ეცნობა აპლიკანტს, განსაზღვრავს, თუ რამდენად შეეფერება ის მოცემულ პოზიციას, განიხილება თანამშრომლობის დეტალებიც. დამსაქმებელი კანდიდატს უსვამს შეკითხვებს  განათლების, გამოცდილების, უნარებისა და ცოდნის შესახებ. შეიძლება, შეკითხვებს პირადი ხასიათიც ჰქონდეს: კანდიდატის მისწრაფებები, მიზნები, გეგმები.

გასაუბრებამდე ხდება შემოსული რეზიუმეების გადარჩევა და სასურველი კანდიდატების დაბარება გასაუბრებაზე. აპლიკანტს ზოგჯერ ფსიქოლოგიური ან პროფესიული ხასიათის ტესტირების გავლა უწევს. დიდ კომპანიებში გასაუბრება რამდენიმე ეტაპად ტარდება: კადრების შერჩევის სპეციალისტთან, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან, ფსიქოლოგთან, განყოფილების უფროსსა და კომპანიის ხელმძღვანელთან, გასაუბრებათა სირთულე კი საფეხურების მიხედვით იზრდება.

იმის გასაგებად, თუ რამდენად კვალიფიციურია აპლიკანტი  მოცემული პოზიციისათვის, კომპანიები გასაუბრებისათვის საგანგებოდ   შემუშავებულ შეკითხვებს იყენებენ, რომელთა საშუალებით ფასდება კანდიდატის უნარები  და  ხასიათი, მოწმდება რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია.

Read More »

10 შეცდომა CV–ის შედგენისას

დღეს CV-ის შედგენა  სირთულეს აღარ უნდა წარმოადგენდეს. ინტერნეტში უამრავი რჩევის, შაბლონისა და ფორმის მოძებნა შეიძლება. თუმცა, კადრების შერჩევის სპეციალისტთა თქმით, მიღებული რეზიუმეების 95% უხარისხოა. დაშვებული შეცდომები იმდენად მარტივი და თვალშისაცემია, რომ, ერთი შეხედვით, მათზე ყურადღების გამახვილება არც უნდა ღირდეს. მიუხედავად ამისა, სამსახურის მაძიებლები ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ და კარგავენ სამუშაოს პოვნის შანსს.

რეზიუმეთა ანალიზის შდეგად გამოვავლინეთ ის ათი ძირითადი შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ CV-ის შედგენისას:

1. ფოტოსურათი
საჭიროა თუ არა ფოტოსურათის ჩართვა CV-ში? თუ დამსაქმებელი საგანგებოდ არ ითხოვს ფოტოსურათს, მისი გაგზავნა აუცილებელი არ არის. საქართველოში ფოტოსურათს ძირითადად ისეთ პოზიციებზე ითხოვენ, როგორებიცაა: ოფისის მენეჯერი, მდივანი, პრომო გოგონა და ა.შ. ბევრ ქვეყანაში დამსაქმებელის მიერ ფოტოსურათის მოთხოვნა დისკრიმინაციად ითვლება. დიდ ბრიტანეთში ფოტოსურათის გაგზავნა CV-ისთან ერთად მისაღებია მხოლოდ მსახიობისა და ფოტომოდელის პოზიციაზე. მართლაც, ადამიანის გარეგნობას არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს მის პროფესიონალიზმთან, უნარებსა და გამოცდილებასთან.
CV-ის დაურთეთ მხოლოდ პროფესიული, საბუთის ფოტო. მართალია, საბუთის ფოტოში ადამიანთა 90 % არაეფექტურად გამოიყურება, მაგრამ შეუფერებელი სურათის გაგზავნით მხოლოდ არასერიოზულ შთაბეჭდილებას დატოვებთ დამსაქმებელზე. სჯობს, საერთოდ არ გაგზავნოთ ფოტო, ვიდრე ბუნებაში, მეგობრებთან თუ ჯიხვზე ნადირობისას გადაღებული სურათი დაურთოთ CV-ის. ეს არის ყველაზე გამაღიზიანებელი და ხშირი შეცდომა – 10 მიღებული CV-იდან დაახლოებით რვა ამ შეცდომას შეიცავს.

Read More »

როგორ შევადგინოთ CV – სამუშაოს ძიების ოპტიმიზაცია

CV (ლათ.curriculum vitae – ,,ცხოვრების გზა’’, იკითხება, როგორც ,,კურიკულუმ ვიტე’’) წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია ადამიანის უნარები, სამუშაო გამოცდილება, განათლება და სხვა საქმიანი ინფორმაცია. ჩვეულებრივ, დამსაქმებლები პირველ რიგში CV-ის ითხოვენ  კანდიდატის ამა თუ იმ პოზიციაზე აყვანამდე.
CV-ის ფორმით ძალიან წააგავს რეზიუმე, თუმცა მათ შორის არსებობს გარკვეული განსხვავება:

•    რეზიუმე უნარების, გამოცდილებისა და განათლების მოკლე, ერთ ან ორ გვერდიანი აღწერაა, ხოლო CV – უფრო ვრცელი (მინიმუმ ორი გვერდი) და დეტალური.
•    CV ასახავს არა მხოლოდ ადამიანის აკადემიურ წარსულსა და განათლებას, არამედ მის გამოცდილებას კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში, გამოცემებს, პრეზენტაციებს, ჯილდოებს, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობას და ა.შ.

საქართველოში რეზიუმე და CV ხშირად ერთმანეთის სინონიმურად გამოიყენება, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ბევრმა არ იცის, რა განსხვავებაა მათ შორის, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ  CV, როგორც ასეთი, ძირითადად აკადემიურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პოზიციებზე განაცხადის გაკეთებისას გამოიყენება, სადაც აუცილებელია პუბლიკაციების, სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილების, კონფერენციებში მონაწილეობისა და   ჯილდოების მითითება.
Read More »