გუგლბოტი და ობობები

ინტერნეტის მოყვარულები ამბობენ, რომ ,,მოგზაურობა ათასი საიტის სამყაროში მაუსის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით იწყება’’. მართლაც ინტერნეტი ბევრისთვის ყველაზე საინტერესო და რეალური სამყაროა. რაც უფრო ღრმად შედიხარ ამ რთულსა და საოცრად მოწესრიგებულ, ლოგიკურ სისტემაში, მით უფრო გიზიდავს და გაოცებს თავისი სირთულით. თანდათან ხვდები, რომ ის, რაც ერთხელ წარმოუდგენლად გეჩვენებოდა, თურმე სავსებით შესაძლებელი ყოფილა. თანდათან შენ წინ ზღაპრული სამყარო იშლება და გინდა, იქიდან აღარასოდეს გამოხვიდე.

განა როდესმე წარმოდიგენდით, რომ ადამიანის გარდა სხვა არსებაც იძრომიალებდა ვებ გვერდებზე და დაინტერესდებოდა ახალი ინფორმაციით. ალბათ ვერც იმას იფიქრებდით, რომ ობობები ინტერნეტშიც არსებობენ და ახლა შეიძლება,   ჩვენთან ერთდ ერთი-ორი პაწაწინა ობობაც კითხულობს ამ ბლოგს.

ხუმრობა იქით იყოს და, დაფიქრებულხართ, თუ როგორ ახერხებს გუგლი თქვენთვის საჭირო ინფორმაციის წამებში მოძიებას? საკმარისია, სასურველი სიტყვა ჩაწეროთ გუგლის საძიებელში, რომ მაშინვე ათასობით შედეგი ჩნდება მონიტორებზე.

სწორედ ამისთვის არსებობს გუგლბოტი (Googlebot), იაჰუ სლერპი (Yahoo Slurp), MSNბოტი (MSNbot) და მსგავსი ობობები, ბოტები, რობოტები და კროლერები (crawlers), რომლებიც გამუდმებით მოიპოვებენ ინფორმაციას საძიებო სისტემებისთვის.

ობობები თუ არ გიყვართ, ნუ შეგეშინდებათ: ინტერნეტ სამყაროში ობობა სხვა არაფერია, თუ არა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ქსელში განსაზღვრულ ბმულებს, ლინკებს მიჰყვება და ინფორმაციას აგროვებს. მაგალითად, გუგლბოტი HREF და SRC ტაგებს ამოწმებს, რომ შესაბამის საიტებთან დაკავშირებული გვერდები და გამოსახულებები აღმოაჩინოს. ასე დაცოცავენ ეს ობობები ინტერნეტის ქსელში და, ვინაიდან ისინი მხოლოდ კომპიუტერული პროგრამები არიან და, შესაბამისად, ცოცხალ მწერებსაც ჩამორჩებიან მოსაზრებულობაში, ზოგჯერ ვებ გვერდთა დაუსრულებელ ხლართებშიც კი იჭედებიან.

Read More »

Advertisements