მენეჯერებო რა სურთ თქვენს თანამშრომლებს

ყველა მენეჯერმა იცის კარგად, თანამშრომლების გულის მოგება ძალიან ძნელია. ძნელია დააჯერო რასაც ამბობ, ძნელია მოანდომო წარმატებისათვის ბრძოლა ისე როგორც შენ გინდა. ძნელია მიაღწიო იმას, რომ მათი უმრავლესობა სამსახურში ხელფასის გამო არ დადიოდეს, შენსავით უნდოდეს მიზნების მიღწევა და ესმოდეს ამის მნიშვნელობა.

ჩვენ, მენეჯერების დიდი უმრავლესობა მუდმივად ვწუხვართ და ვწუწუნებთ იმის გამო, რომ ვერ ვახერხებთ სათანადო ხალხის პოვნას, აყვანას და გამუდმებით ვეძებთ ყოვლისშემძლე ალტრუისტ მებრძოლებს რომლებიც მოვლენ და დაულაშქრავ სიმაღლეებს დაგვაპყრობინებენ ჩვენ, ზარმაც თანამშრომლებთან ჭიდილში დაღლილ ხელმძღვანელს, და თან ისე რომ არ მოითხოვენ სანაცვლოდ არც ხელფასის მომატებას, არც დაწინაურებას, შედეგების მიწერის საშუალებასაც მოგვცემენ და ჩვენ უცნაურ ახირებებსაც მოთმინებით და გაგებით მოეკიდებიან. თუმცა სამწუხაროდ ცხოვრება შეიძლება ისე გავიდეს, რომ არათუ ასეთი სასწაულთმომქმედი მხედარი, „საშუალოზე კარგი“ თანამშრომელიც კი შეიძლება ვერ ვიპოვოთ ვერსად.

სინამდვილეში კი თითოეული ადამიანი (მათ შორის ჩვენი გუნდის თითოეული წევრი) ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე, უსასრულო სამყაროა, რომელსაც შეუძლია წარმოუდგენლად ძვირფასი იდეა შვას (ხშირად ებადებათ კიდეც), ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ (რომელიც ასევე როგორც წესი აქვთ), პრობლემების დანახვაში და გადაწყვეტაში დაგეხმაროს (იმ პრობლემების რომლებსაც თვითონ ძალიან ხშირად საკმაოდ კარგად ხედავენ). და თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ უსასრულო შესაძლებლობების თუნდაც მიზერული ნაწილის გამოყენებას ორგანიზაციის საკეთილდღეოდ, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის მეთოდები, მიდგომები და დამოკიდებულებებია, რომლებსაც ჩვენ, მენეჯერები, მათ მიმართ ვიყენებთ.

Read More »