როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ სამუშაოზე

ორშაბათთან ერთად სამუშაო კვირა იწყება. გარდერობს ვაღებ და ტანსაცმელს უკმაყოფილოდ ვათვალიერებ – ყველაფერი უღიმღამო და მოწყენილი მეჩვენება. ჩემი სამუშაო დღის ყველაზე უსიამოვნო და პრობლემური მომენტი – რა ჩავიცვა? არჩევანის გაკეთებამდე დაახლოებით სამჯერ მიწევს გამოცვლა. ბოლოს, როგორც იქნა, მზად ვარ.

სამსახურის შესაბამისად ჩაცმა არც თუ ისე ადვილია, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კომპანიათა უმეტესობა არანაირი ჩაცმის კოდექსს არ იცავს. ამას ემატება ისიც, რომ დღეში ცხრაჯერ იცვლება ამინდი და დილით თუ საკმაოდ გრილა, შუადღისას შეიძლება ძალიან დაცხეს.

მოლოდინი მართლდება და პირველივე შემხვედრი თანამშრომელი ბრეტელებიან მაისურში მხვდება. უსიამოვნოდ ვიშმუშნები შავ პიჯაკში და თვალი მრჩება თეთრ მაისურზე. ჯინსის შარვლის, მოკლე კაბისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შემდეგ ჩემნაირი ,,პიჯაკიც’’ შემოდის და გახარებული ვათვალიერებ.

საგონებელში ჩავარდნილი ისევ გუგლს მივმართავ და ვცდილობ, გავარკვიო, საერთოდ, დედამიწაზე არსებობს თუ არა ცნება ,,ჩაცმა სამსახურის შესაბამისად’’ და ვინმე აქცევს თუ არა მას თუნდაც სულ მცირე ყურადღებას. აღმოჩნდა, რომ იმ სხვა სამყაროში, რომლის პატარა ნაპერწკლებს ვხედავ ხანდახან ჩემ გარშემო, კომპანიები ჩაცმის კოდექსს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რამდენადაც თითოეული თანამშრომელი კომპანიის სახეა და ევალება შესაბამისად და პროფესიონალურად გამოიყურებოდეს.

Read More »

ზარმაცი თუ უმუშევარი?!

ბოლო ორი თვის განმავლობაში ათამდე გასაუბრება გავიარე სამუშაოს ძიებაში. რა იქნებოდა, ყოველი გასაუბრების შემდეგ სერტიფიკატს რომ იძლეოდნენ:

ეძლევა ,,ამას-და-ამას” მასზედ, რომ გაიარა გასაუბრება კომპანიაში ,,დასაქმების სამჭედლო’’. თბილისი, 2011 წელი.

კარგი იქნებოდა, ყოველ გასაუბრებასთან ერთად სამუშაოს პოვნაც რომ იოლდებოდეს. სამსახურის პოვნა კი ისევე ძნელია, როგორც ყოველთვის.

უმუშევრობის სიმძიმეს ვერ მიხვდები, ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოცდი, ისევე როგორც ყველა პრობლემას. მე ეს პრობლემა თავად ვიწვნიე, მაგრამ როგორც ჯონ ლენონი ამბობს ერთ ჩემთვის უსაყვარლეს სიმღერაში ,,ვიცი, რომ ერთადერთი არ ვარ’’. დიდი შეღავათი არ არის.  საქართველოში დასაქმების სააგენტოები, უმუშევართა პროგრამები და სხვა მსგავსი ორგანიზაციები თითქმის არ არის. ამიტომ ვცდილობ, ვებ გვერდის მეშვეობით დავეხმარო უმუშევრებს.  ერთი შეხედვით, მარტვია – ვაკანსია უნდა განვათვსო დასაქმების საიტზე, მაგრამ არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა ეს უწყინარი საქმე. ყველაზე მეტად ადამიანების აზროვნებამ გამაკვირვა – რეკავ კომპანიაში, რომელიც ვაკანსიას აცხადებს, უხსნი, რომ ვაკანსიას განათვსებ ერთ-ერთ რეიტინგულ დასაქმების საიტზე უფასოდ(!) და უარს გეუბნებიან. ვინაიდან  ახალბედა ვარ ამ სფეროში და ყველა სატელეფონო ზარი მართლა ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან, გამაკვირვა ამ უარმა. უამრავი შეკითხვა დამებადა: რატომ აცხადებ ვაკანსიას, თუ არ გინდა, თუნდაც ორით მეტმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ? რატომ არ უნდა მისცე შანსი, თუნდაც ორ ადამიანს თავისი CV გამოაგზავნოს, ასე ხომ შესაძლებლობას ართმევ თუნდაც ორ ადამიანს შენი ვაკანსია წაიკითხოს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ის ორი ადამიანი ძალიან დიდ დანაკარგად მიმაჩნია. იმიტომ, რომ იმ ორ ადამიანში შეიძლება მეც აღმოვჩნდე, უმუშევრობა კი ისეთი პრობლემაა, რომლის წინაშეც ყველა შეიძლება აღმოჩნდეს როდესმე. თუნდაც ქვეყანამ ჩათვალოს, რომ მეტისმეტად მიმაქვს გულთან ყველაფერი.

Read More »

უმუშევრობასთან ბრძოლის ხელოვნება

უმუშევართა აზრით, უმუშევრობა ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც შეიძლება ადამიანს დაიმართოს. ერთ დღეს აცნობიერებ, რომ სამუშაო აღარ გაქვს და ხვალიდან შენი დღეები სხვაგვარად წარიმართება.

  სამუშაო იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ვიმეორებთ სიტყვებს: ,,უმუშევრობას ყველაფერი სჯობს, ყველანაირი სამუშაო’’, – ამ სიტყვებით ვიჯერებთ თავს და ვცხოვრობთ რთულ სამუშაოსთან ერთად: დილით ვიღვიძებთ, უფრო სწორედ, მაღვიძარა გვაღვიძებს, ვემზადებით, რამდენიმე წამით გვიტაცებს ლურჯი ცა, მერე გადაჭედილი ტრანსპორტით მგზავრობა, ღიმილით შევდივართ ოფისში და კარის  გაღებასთან ერთად ვხვდებით, რომ დავიღლებით და ამიტომ კიდევ უფრო გვჭირდება ღიმილი, საღამომდე აუცილებლად მოგვიშლიან ნერვებს, არც ჩვენ ვართ მაინცდამაინც ანგელოზები, საღამოს სახლში ვბრუნდებით… არაფრის თავი აღარ გვაქვს.

 ვიყოთ რეალისტები, კარგი სამუშაო არ არსებობს, სამუშაოს თან სდევს მოწყენილობა და დაღლილობა. მაგრამ სამუშაო ჩვენი თვითგამოვლენის საშუალებაა და როგორც ფსიქოლოგიის დოქტორი, ლინ ჰაგანი იტყოდა ,,ადამიანებს გვახასიათებს საკუთარი თავის გაიგივება სამუშაოსთან. ეს ჩვენი ცხოვრების იმდენად განუყრელი ნაწილია, რომ  მისი დაკარგვის შემთხვევაში, თავს ცუდად ვგრძნობთ’’… Read More »